როგორ იყენებს ირაკლი რუხაძის კომპანია, Hunnewell Partners, საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის – ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას და ვრცელ სტატიას გამოცემა Meduza ავრცელებს.
სტატიას სრულად, ქართულ ენაზე, მთავარი არხი ავრცელებს:
“შიდა წყაროების, სასამართლო დოკუმენტების, მედიის მონიტორინგის ანგარიშებისა და მსხვერპლთა ჩვენებების საფუძველზე, The Beet-მა გამოავლინა, როგორ იყენებს ბრიტანული კერძო ინვესტიციის ფირმა საქართველოს ამ მუდმივად გაღრმავებად პოლიტიკურ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის. რუსეთის წიაღიდან წამოსული მილიარდერის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის ფერფლიდან აღმოცენებულ კომპანია Hunnewell Partners-ს ბრალად ედება საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე კონტროლის გამოყენება მმართველი პარტიის ხელახალი არჩევის კამპანიის გასაძლიერებლად. სანაცვლოდ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც გამოიხატება შესაძლოა ასობით ათასი ქართველი პენსიონერის ექსპლუატაციაში.
ტელეკომპანია “იმედი” საქართველოში ყველაზე პოპულარულ პროგრამებს გადასცემს, სერიალებითა და მუსიკალური შოუებით დაწყებული, დამთავრებული გლობალური წარმოდგენების ქართული ვერსიებით, როგორებიცაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ნიჭიერი“. მიუხედავად გასართობი გადაცემების უზარმაზარი პოპულარობისა, პროსამთავრობო არხი საინფორმაციო პროგრამების პერსონალის გადინებას განიცდის – სულ მცირე შვიდმა ჟურნალისტმა დატოვა ტელევიზია მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
პარტიული მაუწყებლობა საქართველოში ახალი არ არის და იმედის დაარსებიდან, რაც 2001 მოხდა, ამ ტელევიზიას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. მაგრამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტელეკომპანიის პროსამთავრობო მიდრეკილება გაღრმავდა იმ დონემდე, რომ გადავიდა ცრუ ან სხვა სახის ძალზედ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რასაც მხარს უჭერენ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები. კრიტიკოსები ამას აღწერენ, როგორც ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიას.
ირაკლი რუხაძე, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, Hunnewell-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის არაერთხელ წარმდგარა „იმედის“ გადაცემებში, რათა მხარი დაეჭირა მთავრობის ქმედებებისთვის, რათა ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები არასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“. „ეს არის ჩემი მისია და ამისთვის არსებობს იმედი“, – განუცხადა რუხაძემ ჟურნალისტებს სექტემბერში, შემდეგ კი დაამატა, რომ ამისთვის გამოიყენებდა ყველა ლეგალურ მეთოდს.
Hunnewell-ის გრძელი ისტორია იწყება არკადი „ბადრი“ პატარკაციშვილით, ქართველი მილიარდერით, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში, საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე მოიპოვა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პატარკაციშვილი საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას უჭერდა მხარს, თუმცა მალევე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განხორციელება, რაც დასრულდა მისი დაპირისპირებით მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. მილიარდერმა უპირობო საარჩევნო მარცხი განიცადა 2008 წელს, რამდენიმე დღის შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში მდებარე თავის სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.
პატარკაციშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მილიარდები ასევე 1990-იანი წლების რუსეთში იშოვა. გასული ათწლეულის დიდი ნაწილის ჩრდილში გატარების შემდეგ, ივანიშვილი ამ წლის დასაწყისში დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, რათა თავის პარტიას, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დახმარებოდა. „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიის შემუშავებით, მას ფართოდ აღიქვამენ, როგორც „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული, ანტიდასავლური მოძრაობის მამოძრავებელ ძალად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
Hunnewell-ის კიდევ ერთი აქტივი საქართველოში არის „ლიბერთი ბანკი“. ქვეყნის ეს სიდიდით მესამე კრედიტორი ფლობს მონოპოლიას ყველა სახის პენსიისა და სოციალური გადასახადების გაცემაზე და, ტელეკომპანია იმედის მსგავსად, ირაკლი რუხაძეს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად (ყოფილი თავმჯდომარე).
ადვოკატებმა ქეთევან ტურაზაშვილმა და გიორგი რეხვიაშვილმა, რომლებიც პრო-ევროპული პარტია „მოქალაქეების“ წევრები არიან, ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მას ბრალს 354 000-მდე პენსიონერის (საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის დაახლოებით 40%) სისტემატიურ ექსპლუატაციაში სდებენ ბრალს.
სარჩელი არსობრივად ეხება ორ პენსიონერს, რომლებსაც 2019 წელს საპენსიო სესხები აიღეს, რეალურად კი ლიბერთი ბანკმა მათზე მაღალპროცენტიანი ოვერდრაფტი გასცა. სასამართლო საქმის თანახმად, ბანკის თანამშრომლებმა მსესხებლებს ვერ განუმარტეს, რომ ყოველთვიური პენსიიდან დაქვითვები მხოლოდ პროცენტებს ფარავდა, რის გამოც მათ არ იცოდნენ, რომ ისინი თავდაპირველ სესხს არ იხდიდნენ. შედეგად, პენსიონერებმა გაცილებით მეტი თანხა გადაიხადეს, ვიდრე ნასესხები ჰქონდათ.
The Beet-მა დამოუკიდებლად გამოკითხა სულ მცირე ათი ქართველი პენსიონერი, რომელთა ჩვენებები ადასტურებს მოქალაქეთა სარჩელში ასახულ ბრალდებებს.
„ჩემი დიაბეტი დიდ ყურადღებას და მკურნალობას მოითხოვს. ბევრი წამალი მჭირდება, პენსია კი საერთოდ არ მყოფნის“, – ამბობს 77 წლის მარიამი. მან ისესხა ფული ლიბერთისგან, რათა გადაეხადა მეგობრისთვის, რომელმაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღირებულება დაუფარა. „მე მივიღე ფული, მაგრამ მათ იმაზე დიდი თანხა ჩამირიცხეს, ვიდრე ვითხოვე. მე მინდოდა 700 ლარი [256$], მაგრამ ჩამირიცხეს 1000 [366$]. ამდენი საბუთია და ჩემი სათვალის გარეშე ეს გამომრჩა, შედეგად მეტის გადახდა მომიწია”, – ამბობს მარიამი.
ტურაზაშვილი ამბობს, რომ თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ კვლავ დარცა ხელისუფლებაში, მისი სარჩელი დამარცხებისთვისაა განწირული. „[ეს] იმიტომ, რომ ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელია. ეს არხი მუდმივად ავრცელებს ხელისუფლების პროპაგანდას, მხოლოდ კარგს ამბობს მმართველ პარტიაზე და ავრცელებს სიცრუეს ოპოზიციაზე“, – განაცხადა მან. „ვფიქრობ, ეს არის სიკეთე ხელისუფლების მხრიდან რუხაძის მიმართ – შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გინდა, […] და ჩვენ ამაზე თვალებს დავხუჭავთ“, – ამბობს ტურაზაშვილი.
კომენტარები