აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიის ტელევიზიაში მივიდა. რომ გადავხედოთ ამ ინტერვიუს შეფასებებს, მისი ერთგული მომხრეების რეაქციების თანახმად, ინტერვიუმ ჩაიარა მშვენივრად, მოწინააღმდეგეების რეაქციებით – საშინლად.რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ასეთი სვლები სარისკოცაა და გონივრულიც.სარისკო იმიტომ, რომ ერთგვარი აღიარებაა რეალობის; ანუ, მიგაჩნია, რომ შენი მომხრეების რაოდენობა დაახლოებით ტოლია მოწინააღმდეგეების რაოდენობის და იძულებული ხარ “დათვის ბუნაგში” შენი ფეხით შეხვიდე მცირეოდენი “თაფლის” გამოსატანად.გონივრული იმიტომ, რომ შესაძლოა გაგიმართლოს და გადაუწყვეტელ, ჩვენებურად შუაშისტ, ამომრჩეველზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებზე.ანალოგიური ლოგიკა შეიძლება მივუყენოთ ქართულ პოლიტიკურ რეალობას.ჭრელი ოპოზიციური სპექტრის ერთერთი წამყვანი ფიგურის ინტერვიუსაც ოპონენტთა ტელევიზიაში, მსგავსი შედეგები ჰქონდა და ექნება.ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დასკვნა კი სულ სხვაა; კერძოდ ის, რომ ოპოზიციური სპექტრი საკუთარ ფრონტს არ მიიჩნევს ერთგვაროვნად ანუ, ე.წ. ნეიტრალურმა ამომრჩეველმა უკვე უტყუარად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეგზისტენციალურ რეფერენდუმს არ წარმოადგენს და ეს არის თავისთავად ძალიან უსიამოვნო ფაქტი.26 ოქტომბრის არჩევნები უკვე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესად, სადაც ყველა პარტია ერთმანეთს ებრძვის საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. ეს კი თავისთავად მმართველი პარტიის პოლიტიკის წარმატებას ნიშნავს, რადგან მათი მტკიცებულება, რომ ქვეყანაში ეგზისტენციალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს და ჩვეულებრივი წინა-საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, დადასტურებულია.ამ ფაქტს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგების საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. ამრიგად, ყოფილი პრემიერის ინტერვიუ ძალიან წარმატებული იყო ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად.შესაბამისად, თუ მმართველი პარტიისა და ყოფილი პრემიერის პარტიის ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა აღმატებული იქნება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სტატუს კვო შენარჩუნებული იქნება.ამომრჩეველთა ინერტული სპექტრისათვის ვერ მოხერხდა ერთი, ჩამოყალიბებული მესიჯის მიწოდება ოპოზიციის მხრიდან; სამაგიეროდ, მთავრობის მომხრეებმა ზუსტად და ნათლად იციან, რომ რუსეთთან დაპირისპირება დასავლეთის სასარგებლოდ, ნიშნავს ომს. არა აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად რეალური ან არარეალურია, მათ ეს სჯერათ. მიმდინარე საერთაშორისო სიტუაციაც არ არის საკმარისად ნათელი, რომ ეს მტკიცებულება სრულიად გაბათილებული იქნას. ამის საპირწონედ, დაპირებები დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობაზე და ა.შ.,მაშინ როდესაც პარტიული სიები გაძეძგილია არაერთგზის კომპრომეტირებული ფუნქციონერებით და უცნობი, გულუბრყვილო იდეალისტებით, ფრიად აბსტრაქტულად გამოიყურება ნიჰილისტურად განწყობილი შუაშისტებისათვის.ეს არის ის რეალობა, რითაც ვეგებებით 26 ოქტომბერს.
კომენტარები