ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირსპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ პოლიციელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა ადამიანი, რომელსაც კომენდანტის საათის შემდეგ გარეთ ყოფნის გამო შენიშვნა მისცეს.
გომელაურის უწყების ცნობით, ამის შემდეგ მისი დაკავება სცადეს, თუმცა მეზობლებმა ამის საშუალება არ მისცეს და პოლიციელებს ისინიც დაუპირისპირდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”- აცხადებენ უწყებაში.
საპირისპიროს ამტკიცებენ, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები. სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ კომენდანტის საათის დროს, სადარბაზოსთან რამდენიმე ადგილობრივი იდგა, რომლებთანაც პოლიციელები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს.
ადგილობრივების განცხადებით, სამართალდამცველებმა ადგილობრივების დაკავება სცადეს, თუმცა საქმეში მეზობლებიც ჩაერივნენ.
მათივე მტკიცებით, სასტიკად ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანიც.
ნიუპოსტი
რატომ ეძებს პოლიცია მხოლოდ ერთ პირს და როგორ გაექცა პირი კომენდანტის საათის დროს – ამაზე გომელაურს პასუხი არ გაუცია.
კომენტარები