ზამთარი ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდია და მათგან დასაცავად ბევრ ქვეყანაში სამედიცინო პირბადეს ატარებენ. ამ ეტაპზე ასეთი პირბადე განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში, სადაც ადამიანები ახალ ე.წ. კორონა ვირუსს ებრძვიან, თუმცა გარდა ამისა, ჩინელები მათ დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავადაც იყენებენ.
ვირუსოლოგები სკეპტიკურად უყურებენ ჰაერწვეთოვანი ვირუსების წინააღმდეგ ნიღბების ეფექტურობას, თუმცა არსებობს საფუძველი და მტკიცებულებები, რომ ისინი ხელიდან პირით გადამდები ვირუსების გავრცელების რისკს ამცირებენ.
სამედიცინო ნიღბები პირველად საავადმყოფოებში მე-18 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ მათ არ იყენებდნენ საჯარო სივრცეებში, სანამ 1919 წელს მსოფლიოში ესპანური გრიპის ვირუსმა არ იფეთქა, რომელსაც როგორც BBC წერს, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
ლონდონის St George’s- ის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი დევიდ ქერინგტონი BBC-სთან ამბობს, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები საჯარო სივრცეებში ჰაერით გადამდები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დამცავი ეფექტური საშუალება არ არის, რადგანაც მას არ აქვს დამცავი ფილტრი და ასევე, თვალები მაინც დაუცველი რჩება. ვირუსების უმეტესობა კი სწორედ ჰაერით ვრცელდება.
“მაგრამ ამ ნიღბებს შეუძლიათ მცირედით შეამცირონ ვირუსის გადადების რისკი, თუ აღმოჩნდებით ვირუსიანი ადამიანების გარემოცვაში. ასევე ის დაგიცავთ ხელიდან პირით გადამდები ვირუსებისგან“, – ამბობს ექიმი.
2016 წელს ახალ სამხრეთ უელსში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები სახეს ხელით ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 23-ჯერ ეხებიან და თუ საქმე ხელიდან პირით გადამდებ ვირუსთან გვაქვს და სამედიცინო ნიღაბი გვიკეთია, ამ შემთხვევაში, შედარებით დაცულები ვიქნებით.
მაგრამ როგორც მოლეკულური ვირუსების სპეციალისტი, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან ბოლი ამბობს, საერთო ჯამში, ნიღბის ტარება მაინც არაეფექტურია.
“თუკი ჩავხედავთ კვლევას, სადაც ნიღბის ეფექტურობაზეა საუბარი, ვნახავთ, რომ არც ისე ეფექტურია და ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს დიდი დროის განმავლობაში იყენებენ“, – ამბობს პროფესორი ბოლი.
ექიმ კონორ ბამფორდის თქმით კი, სამედიცინო ნიღაბზე უფრო ეფექტური ჰიგიენის მარტივი წესების დაცვაა.
აიფარეთ პირზე ხელი დაცემინების დროს, დაიბანეთ ხელები და ასევე, პირთან არ მიიტანოთ, თუ დაბანილი არ გაქვთ, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ რესპირატორული ვირუსის გადადების შანსს – ამბობს ექიმი.
ბრიტანელი მედიკოსები ვირუსებისგან თავის დასაცავად სამ მთავარ მეთოდს გამოყოფენ:
1. დაიბანეთ ხელები რეგულარულად თბილი წყლითა და საპნით.
2. თავი აარიდეთ თვალებსა და ცხვირზე ხელით შეხებას.
3. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები.
“რა თქმა უნდა, არის რაღაც სასარგებლო ნიღბის ტარებაში, მაგრამ ძალიან მცირედი. უფრო კარგი იქნება, თუ ადამიანები კონცენტრირდებიან პირად და ხელების ჰიგიენაზე”, – ამბობს ექიმი ჯეიკ დანინგი BBC-სთან საუბრისას.
„ამბები.ჯი“
კომენტარები