ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
ამ ქვეყანაში დაბეჩავებული მოქალაქეებით, ნიჰილიზმით, უმეცრებით იგებს ავტორიტარული რეჟიმი.
ემიგრანტებმა აჩვენეს, რამდენად ლაღი და თავისუფალია ადამიანი, როცა მას ხელისუფლება არ აკონტროლებს, ტვინში არ უძვრება, არ აშიმშილებს, რათა მერე ცარიელ ჯამში ლუკმა თვითონ ჩაუგდოს.
მინდა ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, იმ ჯამში ჩაგდებული ლუკმა ვეღარ იპოვოს, მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ემიგრაციაში წასვლით უშველონ თავს და თვითონ აქ მარტოობაში გაწამდეს უპენსიოდ, უწამლოდ, უექიმოდ, უიმედოდ…
გავიგეთ, რომ ოპოზიციამ არ ივარგა, ვერ ივარგა, ვერ დააზღვია მაქინაციებისგან საარჩევნო პროცესი, მაგრამ ყველა მაქინაცია, ნებისმიერი რუსული პოლიტტექნოლოგია მუშაობს უმეცარი, დაბეჩავებული, ღირსებააყრილი მოქალაქეების პირობებში, როცა მათ ქვეყანა სულ ფეხზე ჰკიდიათ, მთავარი დღევანდელი ლუკმაა და სამწუხაროდ, ვერც კი იაზრებენ, რომ ხელისუფლების მიერ მანიპულირებული ადამიანები არიან, მხოლოდ ამ ხელისუფლების წევრების კეთილდღეობისთვის გამოყენებული დაბეჩავებული ადამიანები.
კრიმინალები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები სიებით, სახეზე აფარებული ნიღბებით, აგრესიითა და სიძულვილით, წყვეტენ საკუთარი შვილების მომავალს და არ რცხვენიათ. ვისაც რცხვენია, სახეს კი მალავს და კამერებს გაურბის, რადგან იაზრებს, როგორ უღირს როლზეც გაამწესა ხელისუფლებამ, მაგრამ შორს ვერ გაექცევა რეჟიმს, რომელსაც მოკლე თოკით ჰყავს მიბმული. მოქაჩავს, დააბრუნებს საწყის პუნქტში.
ასე დაბეჩავებულად იცხოვრებენ ბოლომდე, ოღონდ არ აფიქრო, არ ააზროვნო, გადაწყვეტილების მიღების რთული საქმე არ დაავალო.
არანაირი საპროტესტო აქციები არ უშველის ამას, რეჟიმი უკვე რუსულია, სასტიკად დაარბევს, დასავლეთი ჰკიდია, არანაირად არ გაუწევს ანგარიშს, სულ არ აინტერესებს, ადამიანის უფლებებს დაარღვევს, თუ – არა. წარმოიდგინეთ რუსები ტანკებითა და ნიჩბებით… 9 აპრილის მომწყობი ჯამაათია, ჩათვალეთ.
ჰოდა რა გითხრათ, იცხოვრეთ ამ გამოგონილ მშვიდობაში იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც, მრავალი წელია, რუსული ჯარი დგას. იცხოვრეთ, ჭამეთ, დაიძინეთ და კვლავ ჭამეთ, თუ ერთ დღესაც არქიფო არ ჩათვლის, რომ თქვენი გამოკვება ძვირი უჯდება და მაგ ერთ ლუკმასაც არ გაგინახევრებთ.
აბა ბედნიერად, თქვე უბედურებო, რუსეთში ხართ, ფაქტობრივად და სამწუხაროდ, ჩვენც იქ ვართ, თქვენთან ერთად, იმ განსხვავებით, რომ თქვენ ეს გინდოდათ, ჩვენ – არა.
კომენტარები