ალეკო ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა:
„ასიათასჯერ ჩემზე მაგარი ხალხი უძღვებოდა აქ მიტინგს. ორი ულვაშიანი კაცი იყო, მათ ხსოვნას ვენაცვალე – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს რუსები გვეუბნებიან, რომ მათი ბრძოლა, რასაც სიცოცხლე შესწირა ორივემ, თურმე ამაო ყოფილა, რომ თურმე ისევ რუსეთში უნდა წაგვათრიონ, მაგრამ – ვერ.
არც პარლამენტის წევრად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, არც პოლიტიკოსად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, მაგრამ მე დავიბადე ქართველად და ვაპირებ, რომ მოვკვდე ქართველად.
მჯერა, ზემოთ რომ ავალ, გიორგი ანწუხელიძე რომ დამხვდება, შინდისის გმირი ალეკო ონიანი რომ დამხვდება, ჩვენი მაგარი წინაპრები რომ დამხვდებიან, მინდა თავდახრილი არ ავიდე და არ შევხედო თვალებში.
მეც მეშინია, რა თქმა უნდა, არც მე ვარ დარწმუნებული ბოლომდე, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მზად ვარ, რომ მოვკვდე, სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ენაცვალოს ჩემი თავი საქართველოს.
არ დავიხევ უკან – არ შეშინდეთ, გამაგრდით! ამ ქარაქუცებს ვაჩვენოთ სეირი!
…აქ ყველანი ვდგავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ. იცოცხლე პოლიტიკოსებს ყველას გალანძღული გვყავს ერთმანეთი, ჩემპიონატი გვქონდა, ვინ უფრო ხმამაღლა მივაყენებდით ერთმანეთს შეურაცხყოფას. გვქონდა, აღარ გვაქვს. გულზე ხელი დავიდოთ, ახლაც დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ის ძალები, ოთხი პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელმაც გადალახა ბარიერი, ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად შეკრული, ერთ მუშტად შეკრული. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც შემიყვარდა ან ვიღაცას შევუყვარდი, საქართველოს სჭირდება ასე. ჩვენი საერთო ბრძოლა სჭირდება საქართველოს.
მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, მაგრამ ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა“
კომენტარები