თუ ინსტაგრამის ხელმძღვანელ ადამ მოსერის დავუჯერებთ, პლატფორმაზე მალე არსებული ვიდეოს პოპულარობა მის ხარისხს განსაზღვრავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოპულარულ ვიდეოებს მაღალი ხარისხით ნახავთ, ხოლო ნაკლებად პოპულარულს შედარებით დაბალი ხარისხით გაჩვენებთ.
„ვცდილობთ, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ვიდეო გაჩვენოთ ინსტაგრამში, მაგრამ თუ რაღაცისთვის დიდი ხანია არ უყურებიათ, რადგან ნახვების უმრავლესობა დასაწყისში გვაქვს, ჩვენ მას დაბალი ხარისხის ვიდეოებში გადავიტანთ“, — აცხადებს მოსერი.
უნდა ითქვას, რომ ეს სრულიად ახალი ინფორმაციაც არ არის. მეტამ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა პოპულარობის მიხედვით განსხვავებული კოდირების კონფიგურაციების გამოყენების შესახებ ვიდეოებში… მიუხედავად ამისა, მოსერის განცხადებამ მრავალი კითხვა და კრიტიკა წარმოშვა, ამას მომხმარებლები „სრულ სიგიჟეს“ უწოდებენ.
სწორედ ამიტომ მოსერის მეტი დეტალის გაზიარება მოუწია. ერთი მხრივ, განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ დონეზე არ მიიღება, თუმცა, მეორე მხრივ, თქვა, რომ კრეატორებს, რომელთაც მეტი ნახვა აქვთ, უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოების ატვირთვა შეეძლებათ.
მომხმარებელთა აზრით, აღნიშნული მიდგომით სისტემა პოპულარულ კრეატორებს აძლევს პრივილეგიას და არა, შედარებით მცირე მასშტაბზე მოღვაწე ანგარიშებს — პოპულარული კრეატორები მაღალი ხარისხის კონტენტის დადებას შეძლებენ, რაც კვლავ გაზრდის მათ რეიტინგს, როცა ამის შესაძლებლობა უფრო პატარა აუდიტორიის მქონე კრეატორებს არ ექნებათ.
საინტერესოა, რომ ამ მოსაზრებას არც მოსერი უარყოფს: „სწორი შენიშვნაა, მაგრამ პრაქტიკაში, ამდენი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ხარისხის ცვლილება დიდი არ იქნება, ხოლო ადამიანები ნახავენ თუ არა ვიდეოს, უფრო კონტენტს ეფუძნება, ვიდრე ხარისხს. ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანი მხოლოდ თავდაპირველი კრეატორისთვის უნდა იყოს…“.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები