სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს, როცა სახალხო დამცველს, არჩევნების შედეგებზე და საარჩევნო პროცესებზე არგაკეთებული განცხადების გამო, არაერთი ადამიანი “ეძებს” და კითხულობს სადაა, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან.
შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაუსვეს საკუთრების უფლების დაკანონებისა და მიწის რეგისტრაციის სირთულეებს, რაც ყველაზე მეტად ეკომიგრანტებს უქმნის პრობლემებს და მუნიციპალიტეტში მათი შემდგომი პერსპექტივების განსაზღვრას უშლის ხელს.
უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, სრულფასოვანი განათლების მიღების, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობის საკითხები გამოიკვეთა.ისაუბრეს ასევე, ბილინგვური სწავლების მეთოდის საყოველთაო დანერგვის აუცილებლობაზე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ სასწავლო მიმართულებას სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია წარმოადგენს.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალთა ჩართულობის, კერძოდ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში მონაწილეობის მდგომარეობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ხვდება სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას და პირადად მათგან ეცნობა მათ უფლებრივ მდგომარეობას, – წერს უწყება.
კომენტარები