ამომჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენა, სავარაუდო ძალადობა და ტერორი – „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
მეზვრიშვილის თქმით, რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მმართველ გუნდთან არიან დაკავშირებული.
ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაზები: 1. ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა არჩევნების დღემდე. მაგალითად, ქუთაისი სრულად არის გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები, კომისიის წევრები.
დიმიტრი ხუნდაძის კლანი გადანაწილებულია მთელს მუნიციპალიტეტში.
2. არჩევნების ნებაზე ძალადობა ხდებოდა არჩევნების დღეს. აგიტატორების, ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით. ამომრჩეველს შიშის დერეფნის გავლა უწევდათ. ასევე, ივანიშვილს მძევლად ჰყავდა თითოეული ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი აყვანილი.
ოპოზიციონერმა ლიდერმა გაყალბების მასშტაბურ სქემაზე, ე.წ. კარუსელზე და წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ყუთებში ჩაყრაზეც ისაუბრა.
რეგისტრატორი ჩემს პირადობის მოწმობას კი არ ატარებს აპარატში, შეჰყავს ვიღაც პეტრე პავლიაშვილის პირადობის ნომერი, რომელიც არჩევნებზე არ გამოცხადდა. ეს ადამიანი ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მიდოდა, აძლევდა ორ ბიულეტენს, ამ ამომრჩეველს ერთი, ცარიელი ბიულეტენი გამოჰქონდა გარეთ, ანუ ე.წ. კარუსელს ვგულისმხობ და მეორე ადამიანს უკვე მეორე ბიულეტენს, გაფერადებულს 41-ით ატანდნენ შიგნით. ეს ადამიანი მიდიოდა, ყუთში აგდებდა მონიშნულ 41-ს. ოჯახებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს. ამ ადამიანებს ან მუქარით ან მოსყიდვით ტოვებდნენ სახლში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები.
„ყვარლის 16.11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნარი ბოხუამ, რომელიც ახალსოფლის სკოლის დირექტორის მოადგილეა, „ფეისბუქზე“ გააზიარა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოსტები.
16.10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანული ციციშვილმა მოიწონა „ოცნების“ პოსტები.
ანალოგიურად მოიქცა 16.22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ხმიადაშვილი, რომლის ქმარიც ყვარლის მერის წარმომადგენელია სოფელ შილდაში“.
კომენტარები