აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ქაიანური————-ძველი ამბავია, სახალისო …… ქუთაისელმა “ცისფერყანწელებმა” ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტეს , მაგრამ ყველა გაღლეტილი იყო და ფულის შესაგროვებლად საქველმოქმედო საღამოს გამართვა გადაწყვიტეს. შეადგინეს პროგრამა – სანდრო ცირეკიძე და სერგო კლდიაშვილი მინიატურებს წაიკითხავდნენ, კოლაუ ნადირაძე, რაჟდენ გვეტაძე და სხვები – ლექსებს… ოღონდ, ვერ იქნა და ვერ მოიფიქრეს და შეთანხმდნენ საღამოს კულმინაციურ დასასრულზე. კაი ხანი იმტვრიეს თავი, სანამ თბილისიდან პაოლო იაშვილი არ ჩამოვიდა. პაოლომ არც აცია, არც აცხელა და პროგრამის ბოლოს მიაწერა:– დასასრულ-ქაიანური! -.გულში ყველა ფიქრობდა, ეს ქაიანური რა ოხრობაა ნეტავო, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდნენ; ეუხერხულებოდათ, უვიცი არავის ვეგონოთო.მოკლედ, მოამზადეს აფიშები, გააკრეს ყველგან და მოაწყდა ქუთაისის ინტელიგენცია საღამოს. კაი სუფრაც გაიშალა საზაფხულო რესტორანში. უსმენენ ყურადღებით ლექსებს, მოხსენებებს. თუმცა ყველა გამწარებული ელოდება ქაიანურს, სტუმრებიც და მასპინძლებიც.ბოლოს კოლაუს აღარ მოუთმინა გულმა და გაღიზიანებულმა წამოიძახა:– დამთავრდა საღამო და სადაა ბატონო ეს ქაიანურიო! -.პაოლო ერთი კი შეყოყმანდა, მერე იქვე ეტლიდან ცხენი გამოხსნა, რესტორნის პატრონს თეთრი სუფრა გამოართვა და ტანზე ტოგასავით შემოიხვია. ასეთ ფორმაში მოახტა ცხენს, წინ კი მაშხალებით აღჭურვილი ბიჭები გაიძღოლა. ასე გავიდა საზაფხულო ბაღის შუაგულში და უკანასკნელ ხმაზე დაიწყო რაღაც ლექსის კითხვა. საწყალი ცხენი დააფრთხო ამდენმა ხალხმა, თეთრზეწრიანმა კაცმა, აბრიალებულმა მაშხალებმა და ყალყზე შედგა და გაჭენდა. პაოლო კინაღამ გადმოვარდა უნაგირიდან, სუფრა დაიწვა, ხალხი შეშინებული აჩოჩქოლდა და აირია. საღამო ჩაიშალა…შემოსული ფული ჟურნალის გამოცემას კი არა, რესტორნის და იმ სუფრის ხარჯებს ძლივს ეყო.
კომენტარები