რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და მათ დადებითად აფასებს.
“კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს სტაბილურობას, განვითარებას და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს. [ისინი] მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის ალტერნატივა იქნებოდა დესტაბილიზაცია და რეგიონული დაძაბულობის ზრდა. საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა რეგიონში, ასევე დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა უკვე მიულოცეს ქართულ ოცნებას დამაჯერებელი გამარჯვება…
რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანა და ჩვენთვის არაა სულერთი, რა ხდება ჩვენ საზღვართან. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დასავლეთისგან განსხვავებით პატივის ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. იმედი გვაქვს ქვეყნის სტაბილური განვითარების და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების”, – წერს ზახაროვა Telegram-არხზე.
ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიულოცეს. რაც შეეხება რუსეთს, რუსმა მაღალჩინოსნებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს, ხოლო კრემლის პროპაგანდისტებმა “გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცეს”.
კომენტარები