პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ხელახალი, განმეორებითი არჩევნების შემთხვევა შუაგულ ევროპაში.
2021 წელს პანდემიის ზღურბლზე ბერლინში დიდი საარჩევნო დრამა გათამაშდა. გერმანიის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა. ბერლინელებს პარალელურ რეჟიმში უნდა აერჩიათ ბუნდესტაგის დეპუტატები და ბერლინის დეპუტატთა პალატის წევრები, ამავდროულად, მონაწილეობა უნდა მიეღოთ რეფერენდუმში კერძო ბინათმესაკუთრეობათა ნაციონალიზაციის თაობაზე. ერთი სიტყვით, ხუთი ბიულეტენი იყო ყუთში ჩასაგდები.26 სექტემბრის მეგასაარჩევნო მოვლენას დაემთხვა ბერლინის მარათონი. გრანდიოზული სპორტული ღონისძიების დროს დედაქალაქის ქუჩებში 42 კილომეტრიანი მონაკვეთის გარბენა 25 000 ადამიანმა სცადა (პანდემია ახალი დამარცხებული იყო, თორემ 2024 წელს 42 ათასმა მონაწილემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი).არჩევნების დღეს ბერლინში კენჭისყრის ზოგიერთი პროცედურა დაირღვა:მაგალითად, ხუთი ბიულეტენის შესავსებად ადამიანებს დიდი დრო სჭირდებოდათ, დამატებითი კაბინების არარსებობის გამო დროის გაჭიანურება დიდ რიგებს წარმოქმნიდა ხოლმე.გერმანელები შოკში ჩავარდნენ, რადგან რამდენიმე უბანი ზუსტად 18 საათზე არ დაიხურა. რიგების გამო არაერთ უბანზე კენჭისყრა 15-60 წუთით გახანგრძლივდა.ზოგიერთ უბანზე ბიულეტენები არ ეყოთ.მარათონმა დროებით შეაფერხა დაახლოებით ასი უბნის მუშაობა.ახლა მთავარი უნდა გითხრათ: ჩამოთვლილი დარღვევები გამოვლინდა ბერლინის 2257 უბნიდან მხოლოდ 207-ში. მაშასადამე, საათივით გამართულად ვერ იმუშავა საარჩევნო უბნების მხოლოდ 9.1%-მა.დარღვევებს ბერლინის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეეწირა, მან მალევე დატოვა თანამდებობა. თუმცა, კენჭისყრის შედეგები ყველა ძირითადმა პარტიამ ლეგიტიმურად სცნო. შეიკრიბა ბერლინის დეპუტატთა პალატა, შედგა კოალიციური მოლაპარაკებები და სოცდეკებმა, მწვანეებთან და მემარცხენეებთან ერთად, ბერლინის ფედერალური მიწის ახალი მთავრობაც აირჩიეს, რომელიც მონდომებით შეუდგა მუშაობას.გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაც დეცენტრალიზებულია. ბერლინის მიწას თავისი საკონსტიტუციო სასამართლო აქვს. 2021 წლის 26 სექტემბრის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში, რეგიონალური მნიშვნელობის პატარა პარტიის – “თავისუფალი ამომრჩევლების” ბერლინელმა ლიდერმა, მარსელ ლუთემ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა მიწის საკონსტიტუციო ორგანოში.ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდათ მოსამართლეებს საკითხის გამოსაძიებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა:დაშლილად გამოცხადდეს ბერლინის დეპუტატთა პალატა და 2023 წლის თებერვალში გაიმართოს ხელახალი არჩევნები.2024 წელს რამდენიმე უბანზე ხელახლა ჩატარდა ბუნდესტაგის არჩევნებიც, თავისუფალმა დემოკრატებმა ერთი ადგილი დაკარგეს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში ხელახალი, განმეორებითი არჩევნების დანიშვნის პროცედურები პრაქტიკულად არავის ექნება შესწავლილი.
კომენტარები