ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ამ ბოლოჯერაც დავწერ და საკუთარ თავს ვპირდები მეტს ამ თემაზე თავს არ შეგაწყენთ. განა იმიტომ რომ წერა მეზარება, წერას აზრი უნდა ჰქონდეს.
შევხედოთ საკითხს სტრატეგიულად: რა გვჭირდება? რა რესურსი გვაქვს? ამ რესურსით მაქსიმუმ რისი მიღწევა შეიძლება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?მოკლევადიანი ნომერ პირველი სტრატეგიული ამოცანაა საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს, მკაფიოდ არ აღიაროს არჩევნების შედეგები. რას მოგვცემს ეს? ივანიშვილი დადგება დილემის წინაშე – ადგილობრივი და საერთაშორისო აზრის წინააღმდეგ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, დადგეს სანქციების პირისპირ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დასუსტდეს. ამ სისუსტემ მას შეიძლება აიძულოს წავიდეს ლუკაშენკოს გზით (ეს მისთვის სახიფათოა, რადგან ლუკაშენკოსაც არ უნდა ლუკაშენკოს ადგილზე ყოფნა. სამანევრო სივრცის გარეშე პუტინის ტყვეობა ყველასთვის სახიფათოა).ან დათმოს პროტესტის და საერთაშორისო აზრის ზეწოლის წინაშე. რამდენი დათმოს და რა დათმოს, ეს მოლაპარაკებების საგანი იქნება.როგორ ვაღწევთ ამ მიზანს? ჩვენ აუცილებლად, გარდაუვალად გვჭირდება მკაფიო დასკვნა, რომ არჩევნები გაყალბდა. კი, ოდირს საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამ მტკიცებულებების საბოლოო რეპორტში მოხვედრა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი.რატომ არის აუცილებელი ოდირის უარყოფითი დასკვნა? არ შეიძლება დასკვნაში ეწეროს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად შედგა და ამ “მეტ-ნაკლებზე” ივანიშვილი დააყენონ სანქციების წინაშე. თუ შედგა, სანქციას რატომ აწესებ? ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა, საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებს უყურებს ოდირის დასკვნით და მასზე დაფუძნებით.რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს, ის ვერაფერს გახდება თუ ოდირის სათანადო დასკვნა არ უმაგრებს ზურგს მის დიპლომატიურ მუშაობას.ახლა სად ვართ? ოდირის შუალედური დასკვნა არის კრიტიკული, მაგრამ არა გადამჭრელად კრიტიკული. საბოლოო ჯამში, დასკვნა ქოცებს აძლევს საშუალებას დარჩნენ ხელისუფლებაში, რადგან ეუთო პოლიტიკურად არ არის მზად შესაბამისი რეპორტი დაწეროს. ამას ადასტურებს ბორელის და ჰერჩინსკის განცხადებებიც. მათ თქვეს, რომ ეუთოს არ უღიარებია არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ არც ამის საპირისპირო განცხადება გაუკეთებიაო. ეს საკითხი ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და ჯერ კიდევ არის დრო მასზე გავლენის მოხდენის.მაგალითად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი დასკვნაც ასეთი იყო, თან აღიარებდა და თან აკრიტიკებდა ხელისუფლებას. ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა საბოლოო დასკვნაზე.რა შეიძლება იყოს ჩვენს რეალობაში ასეთი “გეიმჩეინჯერი”? გაზაფხულის პროტესტებმა აჩვენა, რომ ქუჩაში საკითხი ვერ გადაწყდება. ახლა პროტესტი კიდევ უფრო სუსტი იქნება და ეს ხელისუფლებას მისცემს ლეგიტიმაციას ძალიან საშიში ქმედებები წამოიწყოს.ჩემი აზრით, ორი რამ უნდა გაკეთდეს: 1. ეუთოს შიგნით საქართველოს მეგობრებმა უნდა იმუშაონ, რომ რეალობა მაქსიმალურად აისახოს ეუთოს დასკვნაში; 2. ამას უნდა დაეხმაროს ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები.ოპოზიცია პარტნიორებს უნდა ემუშაოს პირველ პუნქტზე, ხოლო მეორე პუნქტის მისაღწევად საჭიროა შემდეგი:სასწრაფო და დაუყოვნებელი თვალსაჩინო მაგალითის ჩვენება, რომ არჩევნები საყოველთაოდ გაყალბდა. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა გამოიწვევს პროცესის გაწელვას, ამასობაში პარლამენტს შეკრებენ ქოცები, ხალხი დაიწყებს ოპოზიციის გინებას და დავიშლებით. მამუკა მდინარაძემ დღეს ცხოვრებაში პირველად დაწერა სასაცილო ხუმრობა და ისე ვიზამთ, რომ მდინარაძე ბევრს იხუმრებს.საარჩევნო ხმის ფარულობა სწორი არგუმენტია, მაგრამ ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, ხოლო ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. მელნის გაჟონვა ვერ დააყენებს თავდაყირა მოვლენებს. ეს არგუმენტი უნდა შემოვინახოთ იმ დროისთვის, როდესაც საკითხი პოლიტიკურად გადაწყდება და იურიდიული მდგენელის ჩართვა მოგვიწევს საქმეში.ერთადერთი “გეიმჩეინჯერი” შეიძლება იყოს მასობრივი კარუსელის გამოვლინება. მასობრივი კარუსელი იყო. ცალკეული ადამიანები გამოიჭირეს, რომლებიც სხვადასხვა პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმას. ადამიანები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ხედავდნენ მარშუტკებით მოძრავ ერთიდაიგივე ხალხს.სტატისტიკა არ ტყუის: ქართული არჩევნების რეკორდი არის 2012 წელი, როდესაც 2.17 მილიონი ადამიანი მივიდა უბნებზე. აქედან, მხოლოდ 10 ათასი მივიდა საზღვარგარეთ.წლევანდელ არჩევნებზე მივიდა 2.07 მილიონი, აქედან 35 ათასი საზღვარგარეთ. ანუ, არჩევნებზე მისულთა შორის კლება არის მხოლოდ 100,000 (ასი ათასი) და საზღვარგარეთ მისულთა შორის მატება მხოლოდ 25 ათასია. ეს იმ ფონზე, როდესაც საქსტატის მიხედვით 2012 წლიდან 2024 წლამდე ქვეყნიდან გავიდა სულ მცირე 300,000 (სამასი ათასი) მოქალაქე. ასევე, მუდმივი დისბალანსია დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის.ანუ, მხოლოდ სრულწლოვნები რომ ავიღოთ, 2012 წლის შემდეგ, სულ მცირე, 250 ათასით ნაკლები ამომრჩეველია ქვეყნის შიგნით. გარეთ გასული 250 ათასიდან, მხოლოდ 25 ათასი მივიდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, 2024 წელს აქტივობა იმდენივე რომ ყოფილიყო, რამდენიც 2012 წელს, ის დაახლოებით 225,000-ით ნაკლები უნდა ყოფილიყო 2024 წელს. ანუ, მას უნდა შეედგინა არაუმეტეს 1.85 მილიონი. 2020 წლის არჩევნებზე აქტივობა იყო 1.97 მილიონი. ოთხი წლისთავზე დაფიქსირდა 70 ათასით მეტი, როდესაც ბოლო ოთხ წელიწადში ასიათასი კაცი მარტო მექსიკით გადავიდა ამერიკაში.ჯამური 3.5 მილიონიდან, ქვეყნის შიგნით დაახლოებით 2.6 მილიონი ამომრჩეველია. საზღვარგარეთ მყოფ 900,000 ამომრჩევლიდან დაახლოებით 100,000 დარეგისტრირდა ხმის მისაცემად. ანუ, ხელისუფლებას ჰქონდა 800,000 ადამიანის სია, ვინც არც ქვეყანაშია და არც საზღვარგარეთ დარეგისტრირებულა არჩევნებზე. როგორც ამბობენ, ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს გამოართვა მგზავრების სახელები თუ ვინ აპირებდა არჩევნების დღეებში საქართველოში დაბრუნებას. ეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ კარუსელში არ გამოეყენებინათ ასეთი ადამიანის მონაცემები და ამას სკანდალი არ მოყოლოდა. არჩევნებისთვის დაბრუნებული ადამიანი, ცხადია, ხმას მისცემდა და თუ მის მაგივრად ვინმე მისცემდა ხმას, ეს მყისვე გამჟღავნდებოდა.მოკლედ, მასშტაბური კარუსელი აშკარაა. ეს ბევრად უფრო დიდი თემაა, ვიდრე მარნეულში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩატენვა. იმ საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმეს, ის ყმაწვილები დაიჭირეს და გვაჩვენეს, რომ “ეს იყო ცალკეული ინციდენტი, რომელიც ხელისუფლებამ აღმოფხვრა და ახლა დანაშაულს იძიებენ”. მაგრამ თუ კარუსელის საქმე გასკდა, როდესაც ვიღაცეების მაგივრად ჩხოროწყუში, რუსთავში, ლაგოდეხში, ახალციხეში და სხვაგან მისცეს ხმა, ამას არაფერი ეშველება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა სისტემურად და მასობრივად.თან, განსხვავებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნისგან, კარუსელის გამოვლენის ეფექტის მიღება მყისიერად შეიძლება.პირველ ეტაპზე, მთელმა ოპოზიციამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს მთავარი რამ: გაასაჯაროონ სიები ვინ, სად და როდის მისცა ხმა. საჭიროა ამ მოთხოვნის ტექნიკური ნაწილი სწორად იყოს ფორმულირებული ისე, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ამ საერთო სიიდან კარუსელში გამოყენებული სახელების ამოღება. უბანზე გამოცხადების 2.07 მილიონი ხელმოწერა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, დადარდეს ეს საარჩევნო მანქანების კომპანიის ხელთ არსებულ ბაზებთან, ადამიანებმა შეამოწმონ საკუთარი თავი და ა.შ. მოკლედ, ამ საქმის სპეციალისტები უკეთ იტყვიან ტექნიკურად რა უნდა ვქნათ რომ არ მოგვატყუონ, მე პოლიტიკურ ნაწილზე ვმსჯელობ.როდესაც სხვადასხვა ოლქში რეგისტრირებული ასეულობით ადამიანი დაწერს ფეისბუქში, რომ მათ მაგივრად მისცეს ხმა, დამთავრებული ამბავია, ვერც ეუთო დადებს მერე სხვანაირ დასკვნას და ვერც ქოცები მოახერხებენ ვერანაირ ლეგიტიმაციას.სწორედ ამას უნდა მოყვეს შემდეგ საერთაშორისო კომისიის შექმნის მოთხოვნა და სასამართლოში სარჩელის შესვლა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. კარუსელის გამოვლენას მოყვება ტალღა, რომელსაც ხელისუფლება ვერ შეაჩერებს.ამიტომ, ლოგიკურია, რომ ხელისუფლებამ “პირად მონაცემთა დაცვის” აბსურდული მიზეზით, ეს ბაზები არ გაასაჯაროოს, სცადოს მათი განადგურება, რამენაირად გადაწერა და ა.შ. ყველა ოპოზიციონერმა უნდა ისაუბროს, რომ ეს არის მოთხოვნა და ამ კონკრეტული მოთხოვნის შესრულებისთვის უნდა დაუძახონ ქუჩაში ადამიანებს. ადამიანმა რომ იცის რაღაც კონკრეტულზე ეძახიან და მისი იქ მისვლა ასევე კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება, ის იქ მივა. “გეგმა უნდა გაგაცნოთ”-ზე ადამიანი დიდხანს არ ივლის. ასევე, პრეზიდენტი პარტნიორებს ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს, რომ საერთაშორისო ზეწოლა იყოს სიების გასაჯაროებაზე.თუ ხელისუფლება ამას არ იზამს, გარეთაც და შიგნითაც ცხადი იქნება, რომ ხელისუფლება გაყალბებას მალავს. ასეთ შემთხვევაშიც ვერ მოხდება არჩევნების ლეგიტიმაცია.ასე ერთი პირით ლაპარაკი ვერ მოხერხდება თუ 30 გადაწყვეტილების მიმღები იქნება საკითხში ჩართული. დღეს რაც ვნახეთ, ოპოზიციის მაგიდასთან ასე 15 ადამიანი ისხდა, ბოლოს გამოვიდნენ და გვითხრეს ის რაც გვითხრეს. ასე თუ გაგრძელდა, პროცესები გადაიზრდება ოპოზიციის გინებაში, საერთაშორისო დონეზე ქოცების აღიარებაში და სრულ ნიჰილიზმში.კრიზისების დროს აუცილებელია ერთი ადამიანი იყოს გადაწყვეტილებების მიმღები და ყველა დანარჩენი იყვნენ მისი დამხმარეები.გასაგებია რომ ოთხი პარტიაა და ისინი არავის აძლევენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას.ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიქმნას ხუთკაციანი გადაწყვეტილების მიმღები საბჭო: გვარამია, ბოკუჩავა, ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი. ამ საბჭოზე, ყველა საკითხი დადგება კენჭისყრაზე, ყველა გადაწყვეტილებას მიიღებენ 3-2-ზე და ყველა ვალდებული იქნება მას დაემორჩილოს.ამის ქვემოთ, უნდა შეიქმნას არაპარტიული ანალიტიკური უჯრედი, რომელიც ამ ხუთკაციან საბჭოს გადაწყვეტილებათა პროექტებს მიაწვდის.თუ ასეთი რამ შეიქმნა და მეც დამიძახეს, სიამოვნებით მივიღებდი მასში მონაწილეობას. კიდევ არაერთ ჭკვიან ადამიანს ვიცნობ, ვინც ამ საბჭოს დაეხმარებოდა.არ მაქვს იმედი რომ ამხელა ნაწერს ბევრი წაიკითხავს და მეტადრე იმის იმედი არ მაქვს, რომ აქედან რამე აღსრულდება. წარბშეუხრელად მივდივართ უფსკრულისკენ. ამის დაწერით საკუთარ თავთან მაინც ვიქნები მართალი.
პოლიტიკოსი, რომელიც ამ იდეებს აიტაცებს და ხალხს მათ გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს, გახდება ლიდერი. მილიონამდე ქართველის მხარდაჭერა ქუჩაში გდია და მას ხელში აღება უნდა. გავიხსენოთ, ფაშინიანმა 2018 წლის არჩევნებში 7% მიიღო, მაგრამ სწორ დროს სწორი ინიციატივით გახდა ეროვნული ლიდერი, რომელმაც რამდენიმე თვეში 70% მიიღო. ამის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში სისულელეები აკეთა, მაგრამ 2018 წელს სომხურ საზოგადოებასთან ძალიან კარგად იმუშავა.
კომენტარები