სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება არ არის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს.
„არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პირველ ნოემბერს, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა ლევან იოსელიანი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, და არის თუ არა შედეგები ლეგიტიმური, იოსელიანმა განაცხადა:
„ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს“.
მისი თქმით, „ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა, იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ, მაგრამ … ჩვენ არ ვახორციელებთ სადამკვირვებლო საქმიანობას“.
იოსელიანმა პირველ ნოემბერს ასევე თქვა, რომ „ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნების გაყალბების ბრალდებით გამოდის და „კარუსელებზე“ საუბრობს, არცერთ პარტიას არ უთქვამს, რომ 350 000 ადამიანი მონაწილეობდა გაყალბების სქემაში.
კომენტარები