პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო.
2021-ის დეკემბერში ყალბდებოდა, როცა ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, რომ დღეს სახელმწიფოს დანაშაულები და პერსონალური მონაცემების დარღვევა არავის გამოეძიებინა;
2022 წლის 15 დეკემბერს ყალბდებოდა, როცა ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი (ოპოზიციური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დევნა) იმთავითვე ცხადი იყო;
2024 წლის 30 აპრილს ყალბდებოდა, როცა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი, ორწლიანი უკანონო თავმჯდომარეობის შემდეგ, ხელახლა აირჩიეს;
2023 წლის 07 მარტს ყალბდებოდა, როცა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი იმისთვის აირჩიეს, რომ დღეს გაყალბებული არჩევნები ეღიარებინა;
2023-2024 წლებში მუდმივად ყალბდებოდა – როცა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი ისე შეცვალეს, რომ ეს უფლებები მხოლოდ „ოცნებას“ მიანიჭეს;
2024 წლის აგვისტო-ოქტომბერში ყალბდებოდა, როცა საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების ვადა შეცვალეს და რეგისტრატორებად ყოფნის უფლება მხოლოდ ცესკოს (ანუ „ოცნების“) წევრებს მიანიჭეს;
ყალბდებოდა 2023-ის მარტში და 2024-ის აპრილში, როცა რუსულ კანონებს აინიცირებდნენ, რომ მიზანში სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამოეღოთ.
ყალბდებოდა, როცა გენპროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ჩააგდეს, როცა იუსტიციის საბჭოში „ოცნების“ მორჩილი წევრები აირჩიეს.
2024 წლის მარტიდან 26 ოქტომბრამდე ყველა მთავრობის სხდომაზე ყალბდებოდა, როცა კობახიძე მოსყიდვებს აანონსებდა.
ყალბდებოდა შალვა პაპუაშვილის ყოველ ბრიფინგზე, სადაც ძირს უთხრიდა და თავს ესხმოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
ყალბდებოდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას.
და კიდევ ბევრჯერ ყალბდებოდა.
და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით გაუთავებლად. მახსოვს გაკვირვებული სახეები. ზოგს გიჟები ვეგონეთ. ვერ გაეგოთ რა კავშირი იყო რუსულ კანონსა და არჩევნების გაყალბებას შორის, იოსელიანის არჩევასა და არჩევნების გაყალბებას შორის, მურუსიძის მეორედ არჩევასა და არჩევნების გაყალბებას შორის … ვერავის გაეგო რატომ ვაგროვებდით მტკიცებულებებს და გიჟებივით შეგვქონდა პროკურატურაში.
არანაირი ნიშნისმოგება, უბრალოდ ფაქტები. ცხადზე ცხადი იყო „ოცნების“ სტრატეგია.
ეს არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს არ გაყალბებულა, მთელი წელი (წლები) ყალბდებოდა.
კომენტარები