სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა” გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
“აირჩიე ევროპის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართველი ხალხის ხმები მიიტაცა და ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. ისინი პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება მათ ორშაბათს გადაეგზავნებათ.
ხელმომწერთა შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც.
“2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მასიური და სისტემური გაყალბებით ქართველ ხალხს წაართვეს ხმა და ხელისუფლების არჩევანის უფლება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. მოსკოვმა კიდევ ერთხელ მოახდინა თანამედროვე ტექნოლოგიური და საინფორმაციო ინსტრუმენტების მანიპულირებით უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, რაც არა ერთხელ დამტკიცდა სხვა ქვეყნების მაგალითზე.
აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. უდიდესი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ უკანდახევას რუსეთისა და ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას.
დასავლური სამყარო ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უფლება ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია, საქართველოს მოსახლეობას ართმევს ამ უმნიშვნელოვანეს უფლებას და ფაქტობრივ ფორმალობად აქცევს ყველა შემდგომ არჩევნებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად და არ წაახალისონ „ქართული ოცნების“ ხელით რუსეთის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში.
მივმართავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებს ცენტრალურ აზიაში, ყურადღებით მოეკიდონ რუსეთის საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობას, ვინაიდან მოსკოვის იმპერიული ზრახვების რეალიზაცია წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელთაც საერთო წარსული აკავშირებს რუსულ იმპერიასთან. კრემლის რეჟიმის გამარჯვება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს თქვენთვისაც, რადგან მოსკოვი მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება და არ დაიშურებს ძალისხმევას ჩვენი რეგიონის განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხები საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების აღიარება ნიშნავს საქართველოს მოსკოვისათვის გადაბარებაზე თანხმობას, რაზეც პასუხისმგებლობის აღება დასავლეთსაც მოუწევს ყველა თანმდევი შედეგების გათვალისწინებით. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე. შესაბამისად, მოვითხოვთ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.
მივმართავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თხოვნით: ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნონ არჩევნების მიტაცების უპრეცედენტო მტკიცებულებებს და კიდევ ერთხელ მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას ხმის მიცემის პროტოკოლების გასაჯაროება და არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დატოვებთ ქართველ ხალხს მარტო თავისუფლებისათვის ბრძოლაში”, – წერია დოკუმენტში.
მიმართვის ადრესანტები არიან აშშ-ის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები; ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები; დიდი ბრიტანეთის პრემიერი; ევროკავშირის ლიდერები; ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერები.
კომენტარები