რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან მიქაას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება, რომ დაკავებულ ოპოზიციონერებს ათ საათზე გაათავისუფლებდა. ამ დროისთვის სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი ჩაკეტილია: კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მდებარე კოდორის ხიდი ოპოზიციამ გახსნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ბესლან ემურხბასთან და ოჩამჩირის რაიონის გამგებელ ბესლან ბიგვავასთან მოლაპარაკების და დაკავებულების გათავისუფლების დაპირების შემდეგ.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ გუმისთის ხიდზე უშვებდნენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრმა კი გამოაქვეყნა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას განცხადება, რომლის მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილამდე, რომ სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში გახსნილია “ცხელი ხაზი”.
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი და არეულობა მოჰყვა აფხაზი ოპოზიციონერების, ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუას და ასლან გვარამიას დაკავებას.
აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად. ეს „შეთანხმება” რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ „არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს პარლამენტის წევრის მიმართ“. ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დეპუტატ ალმას აქაბაზე.
მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება დეპუტატის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების მხარდაჭერას. დოკუმენტის დამტკიცებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და დოკუმენტის განხილვის დღეს აქციის გამართვას გეგმავდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს საგანგებო განცხადებით ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
“არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ საკმარისი ძალები და რესურსები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა მან.(რადიო თავისუფლება)
კომენტარები