ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” 53.93% მიიღო – მანდატების რაოდენობა 89, “კოალიცია ცვლილებისთვის” 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” 10.17%, მანდატების რაოდენობა 16, “კოალიცია ძლიერი საქართველო” 8.81% მანდატების რაოდენობა 14, “გახარია საქართველოსთვის” 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კომენტარები