შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.
გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა.
“დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა მინდა განვმარტო- შემაჯამებელი ოქმი დგება ცესკოს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ინსტანციის, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სასამართლოებში განხილულ იქნა ყველა დავა და შესაბამისად, ყველა შემაჯამებელი ოქმი იყო კანონიერ ძალაში შესული.
ასე რომ, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი პროცედურა რასაც ითვალისწინებს კანონი გახლავთ ის, რომ კომისიის მდივნის მიერ ცხადდება შესაბამისი შედეგები და ივსება შემაჯამებელი ოქმი, მას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი და ის დასტურდება კომისიის ბეჭდით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის სამწუხარო ინციდენტი, რაც მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის სხდომაზე და შესაბამისად, შემაჯამებელ ბრიფინგსაც მე ვატარებ, იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, რომ თავმჯდომარემ დაასრულა კომისიის სხდომა და შესაბამისად, იმ ინციდენტიდან გამომდინარე, მან ფიზიკურად ვერ შეძლო თქვენ წინაშე წარდგომა.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც უპრეცედენტო აქტივობით მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და ამასთან მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემებით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა, ის გადაიგზავნება შესაბამისად საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად,“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
კომენტარები