რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.
„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარისას.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული.
კომენტარები