ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! აცივდება – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ, თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ, უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა, ღამე კარვებში გაათენეს.
ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს.
„ძალა მრავალფეროვნებაშია, ეს დღესაც დადასტურდა. ძალა განსხვავებულთა ერთობაშია, ძალა იმ ბრაზშია, რომლითაც გავბრაზდით. ძალა იმ მოტივაციაშია, ბრაზი რომ გადავაქციეთ მოტივაციად. ძალა იმ გადაწყვეტილებაშია, რომელშიც დღეს კიდევ უფრო მეტად გავმყარდით ყველანი ერთად, განსხვავებული ხალხი, რომლებიც ერთი საერთო მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებულნი. ძალა იმ შეთანხმებაშია, რომელზეც შევთანხმდით, იმ მომავალ საქართველოზეა, სადაც მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები უნდა ვწყვეტდეთ, როგორ საქართველოში გვსურს ცხოვრება. დღევანდელი დღე, არაორდინალური საპროტესტო შეკრება, გვჯერა, რომ იქნება ერთ-ერთი ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობის, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით, ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, ვიდრე არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა და ნებისმიერი გამზირი, განსაკუთრებით თბილისში, არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ჩვენს ხელთ. ეს პროცესი აღარ შეჩერდება. დასრულდება გამარჯვებით, რადგან ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ისე აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა – მერე რა?! გაწვიმდება? – მერე რა?! აცივდება? – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება? – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ, თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ, უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში.
მეგობრებო, გელოდებით ყველას აქ, ამ ლოკაციაზე, თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ ადგილას, საიდანაც ეს პროტესტი გაიშლება თბილისის სხვადასხვა ადგილებში. ეს გარდაუვალია. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები