ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
პოსტი ყალბი თავმდაბლობის გარეშე.
10-12 წლის წინ რომ არავინ მიცნობდით, მაშინ, ერთი ახალგაზრდა დოქტორანტი ზურგგაუმაგრებლად დავეტაკე სამუშიას, კალანდიას, დუნდუას (ეს საქ. ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს თსუ-ში) და კიდევ არაერთს. ახლა რომ მათი წუნწლი მთელს ქვეყანას აყროლებს, მაშინ ისტორიკოსებში იგრძნობოდა ეს ლოკალურ დონეზე.მაგალითად სამუშია, რომელიც მაშინ ასისტენტ პროფესორი იყო თსუ-ში, როგორ ამაღლდა 10 წელიწადში აკადემიკოსობამდე და რექტორობამდე? ისე რომ სფეროსა და დარგში ხმა არავინ ამოიღო. ახლა cool არის და იოლია მასზე საუბარი (თუმცა, ისტორიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ისევ არ იღებს ხმას), მაგრამ ამ დუმილმა დაგვასვა ეს ხალხი თავზე.სამოქალაქო შეგნება ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პუტინს და ბიძინას კი არ ებრძვი, არამედ შენს საპასუხისმგებლო ზონაში სწევ წინააღმდეგობას, სწორედ იქ, სადაც შეიძლება შენ პირადი საფრთხე შეგექმნას. თუნდაც სულ მარტო იყო, მთავარია გჯეროდეს შენი სიმართლის და მისთვის იბრძოდე.ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაძირალა ისტორიკოსს, რომელსაც საჯაროდ არ დავპირისპირებოდი და ისტორიკოსთა შორის ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პატიოსან ადამიანს, რომელთანად მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა არ მაკავშირებდეს. ყველა რომ ასე ვიქცეოდეთ ჩვენს სფეროში, დღეს იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ.ძალიან ბევრის მოყოლა შემიძლია რა დაუშავეს ამ ადამიანებმა დარგს, ქართველთა კოლექტიურ ცნობიერებას და კონკრეტულ ადამიანებს. წლების მანძილზე ვწერდი რეცენზიებს, საჩივრებს, მაგრამ “ეს მე არ მეხება” დამოკიდებულება იყო გარშემო. მდუმარეებს ინგლისურად ჰქვიათ enablers, ანუ ისინი, ვინც თავიანთი დუმილით ბოროტებას საშუალებას აძლევენ გაიმარჯვოს.ჩემი წარსული წლების ნაწერებიდან რამდენიმე ლინკს კომენტარებში გაგიზიარებთ. ამ ნაწერების გამო, მე თსუ-დან მაგდებდნენ. ოფიციალურად დაისვა საკითხი “ეთიკის კომისიაზე” ჩემი გარიცხვის შესახებ. უფრო მეტიც, პოლიციის განყოფილებაშიც დამიბარეს.მე მაშინ გარიცხვას სტუდენტურმა მოძრაობამ, უცხოელი მეცნიერების ჩარევამ და სულ რამდენიმე ქართველი კოლეგის გამბედაობამ გადამარჩინა.ეს ისტორიები ათ წელზე მეტია ზედმიწევნით იციან ქართველმა ისტორიკოსებმა.თუმცა პრობლემები აქ არ დამთავრებულა. შარშანწინ ფულბრაიტის გრანტი რომ მოვიგე და ჰარვარდის ქართულ პროგრამაზე ვიყავი მიწვეული, განათლების მინისტრი (ამილახვარი) შეხვდა პროგრამის ხელმძღვანელ სტივენ ჯონსს. მინისტრმა ბევრი არაფერი იცოდა ჰარვარდის ქართული პროგრამის შესახებ, მაგრამ ზედმიწევნით იცნობდა ჩემს ფეისბუქ პოსტებს (სახელით ვიცი ვინც უსქრინავდა და აკითხებდა). ეს კაციო, განაცხადა მინისტრმა, ჩვენი მოწინააღმდეგე არისო და რატომ მიიწვიე ჰარვარდშიო? საერთოდ, რა გინდა ამ ილიაუნისთანო? აგერ არის თსუ და მასთან ითანამშრომლეო. აი, ამ ბოდვებისთვის ეცალა განათლების მინისტრს.ყოველივე ამის მიუხედავად, კიდევ ასჯერ რომ დავიბადო, ასივეჯერ იგივეს გავაკეთებდი. არაფერია იმ სირცხვილზე უარესი, როცა საკუთარი თავის გრცხვენია; არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, როცა შენს შვილს შენს გამო რცხვენია. და პირიქით, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა არც შენ და არც შენს შვილს არაფრის გრცხვენიათ, როცა შევიწროვებულები, გაჭირვებულები, მაგრამ მართლები ხართ. შეიძლება ამ ქვეყნიდან წასვლა ან კიდევ რამე უარესი მომიწიოს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, მეცოდინება რომ მართალი ვიყავი. სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, იქამდე ვიდგები ამ გზაზე.
არ ვიცი სამუშიებს სირცხვილის გრძნობა საერთოდ თუ აქვთ, მაგრამ შვილები გაიზრდებიან და თუ ჩვენ შევძელით ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა, მათ შვილებს შერცხვებათ.
კომენტარები