ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, რომლის 7–წლიანი დავა ქალაქ თბილისის მერიასთან და GWP–თან, გამარჯვებით დასრულდა უზენაეს სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე იქნება პრეცედენტული, ანუ, სამომავლოდ, სხვა მოქალაქეები, თუ ადვოკატები შეძლებენ ამ გადაწყვეტილების არგუმენტად გამოყენებას, სოციალურ ქსელში, წერს:
გამარჯვებით დასრულდა ჩემი ოჯახის 7-წლიანი დავა ქალაქ თბილისის მერიასთან და წყლის გამანაწილებელ კომპანია GWP-სთან.
20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიას დაევალა: ე. წ.ქმედების განხორციელება (როგორც იურისტები ეძახიან), რაც ნიშნავს, რომ სწორედ მისი ვალდებულებაა მოაწყოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან ბარიერები და გამაფრთხილებელი ბანერები; გადაიხადოს მორალური ზიანი – 25 000 ლარის ოდენობით. მართალია, ჩვენ 50 000 ლარს ვითხოვდით, მაგრამ მორალურ ზიანთან დაკავშირებით ქართული სასამართლოს სტანდარტი დაბალია და გასაგებია ეს გადაწყვეტილება.მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აქვს პრეცედენტის ანუ ერთგვარი კანონის ძალა და ამ გადაწყვეტილებას სამომავლოდ სხვა დაზარალებული ოჯახები გამოიყენებენ. ეს იყო სწორედ ჩვენი მიზანი, რომ შექმნილიყო პრეცედენტი.დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center-ს და ჩემს ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს, რომელმაც სრულად და სწორად წარმართა ეს დავა სასამართლოში და არგუმენტირებულად დაასაბუთა ორივე მოთხოვნა.მადლობა მინდა ვუთხრა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation-ს, რომელმაც არაერთხელ გაგვიწია მხარდაჭერა ამ დავის წარმოებისას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო კამპანიის – იცურე მშვიდად მთავარი მხარდამჭერი.კამპანია იცურე მშვიდად დაიწყო სასამართლო დავის პარალელურად ანა დოლიძე / Anna Dolidzeს, ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center-ის, CENN-ის, პროგრესის ცენტრი – Center for Progress-ის ინიციატივით და დიდი როლი შეასრულა როგორც თბილისის ზღვაზე, ისე სხვა წყლის ობიექტებზე გამაფრთხილებელი ბანერების და დამცავი ბარიერების დამონტაჟების პროცესში.მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, გაატაროს სისტემური ცვლილებები წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა დახრჩობის პრევენციისთვის, ჩვენი კამპანია კვლავ გრძელდება და სწორედ ასეთი გამარჯვებებით, შევეცდებით, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.
გვიანდელი P.S.:მეგობრებო, ვკითხულობ კომენტარებს პოსტზე და მინდა ყველას მადლობა გითხრათ. ბევრი ადამიანი და ორგანიზაციაა, ვინც გვერდით გვედგა ტრაგედიის დღეებში თუ შემდგომ და ასევე, აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში “იცურე მშვიდად”. ყველა ვერ მოგნიშნეთ, იმის შიშით, რომ ვინმე არ გამომრჩეს. თანაც, ეს პოსტი მხოლოდ სასამართლო დავას ეხება. კამპანია გრძელდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ შედეგს დავდებთ ერთად. მადლობა ყველას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის!
კომენტარები