ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ მიხეილ კალანდიასაც, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს იმართებოდა, შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. ამის შესახებ ლონდარიძემ ჟურნალისტებს კალანდიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ კალანდიას შუამდგომლობა, რომ თავად მხარეს – ზაზა სარალიძეს აეკრძალოს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, უსაფუძვლოა.
„ის შუამდგომლობა, რომ თავად დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე არ დაესწროს სასამართლო პროცესებს, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. ვინაიდან, კანონმდებლობით, დაზარალებულ მხარეს აქვს უფლებამოსილება, ესწრებოდეს სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ადვოკატის დასწრებას, მე, რა თქმა უნდა, უფლება მაქვს და დავესწრები სასამართლო პროცესებს, მითუმეტეს, რომ გახსნილია სასამართლო პროცესები, მაგრამ უსამართლოა და დაუსაბუთებელი თავად მხარეს აეკრძალოს სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. თუ რამ გამოიწვია მისი აღელვება, ცოტა მგონია, რომ ეს კითხვა არ არის შესაბამისობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, თვალნათლივ, რომ მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არიან ხორავას ქუჩის საქმეში, უფორმდება საპროცესო შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, ეს დაზარალებული მხარისთვის მარტივი შესაგუებელია?! მისი ემოციური მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია?! კი, წლებთან დაკავშირებით არ დაობს. ამის შესახებ სარალიძე აცხადებდა ჯერ კიდევ აქციების მიმდინარეობისას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მისი ახალი პოზიციაა. ეს პოზიცია ჰქონდა მას თავიდანვე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის ემოციის გარეშე უყურებს ამას. მისი შვილის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება“
კომენტარები