ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ ძალა, რომელიც გუშინ სპეცრაზმმა გამოიყენა ადეკვატური იყო, იგი საუბრობს შურდულებზე და წყლის, პლასტმასის ბოთლებზე. მეტიც, ის თვლის, რომ ჩიტაძეზე მშვიდობიან მოქალაქეს არაფერი ესაქმება საერთოდაც.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკვე ესაუბრა შს მინისტრ ვახტან გომელაურს და თქვა, რომ შეიძლება, დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოიყენონ. წყლის ჭავლი, სპრეი, დარბევა, ცემა, დევნა – წუხელ ღამით მთელმა საქართველომ იხილა, რა შეიძლება იყოს დამატებითი საშუალებები? ტყვია? – რეზინის თუნდაც? – მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს.
მამუკა მდინარაძე:
შურდულით, ჩუმად, კამერამ რომ ვერ დაინახოს, რატომ ესვრის? შურდულიდან ნასროლი კენჭი, კარგი, არ ჩანს, ბოთლი ხომ ჩანს? კაი, ბოთლი ისე ვერ დააზიანებს, ქვები ხომ ჩანს? უკვე მაქვს ნასაუბრები გომელაურთან, შეიძლება ამ შემთხვევაში, იმ დონემდე მივიდეს პოლიცია, რომ დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოიყენოს და მერე ეს რა საჭირო იყოო, არაადეკვატური იყოო. ლევან იოსელიანი ადეკვატურია, ვერ დავუკარგავ, მაგრამ არაპროპორციული რანაირად იყო, გამაგებინოს ვინმემ, ან მშვიდობიანი იყოო, ჩიტაძეზე რა უნდა მშვიდობიან მოქალაქეს? ცეცხლს ანთებს, ბარიკადებს აგებს, მშვიდობიანია?
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში გავრცელდა ჭორი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასიურად, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამოსულ ხალხს საპოლიციო ძალებით ვერ მოერევა ხელისუფლება, შესაძლოა, თავდაცვის ძალებს უბრძანოს ხალხის დაშლაში მონაწილეობის მიღება.
კომენტარები