ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე – მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ.
“ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას.
“ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა კამათის საგნად ქცეული, საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსით და იხსენებს, რომ მან ბევრჯერ ითხოვა ამ კანონის შეცვლა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონით.
ეს შემაწუხებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე – გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, არ ქმნიდა საჭირო პირობებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს ‘გაეკეთებინა ინფორმირებული, დათრგუნვისა და არამართებული ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანი’, როგორც ნათქვამია გუშინ გავრცელებულ, არჩევნებზე დამკვირვებელთა ანგარიშში.
ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ასამბლეა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან.
საქართველოს არჩევნების შესახებ ანგარიშს ასამბლეა 2025 წლის იანვრის სხდომაზე განიხილავს.
კომენტარები