ლევან ლორქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რაც უფრო ბნელა, მით უფრო უკეთ ჩანან ვარსკვლავები.
გუშინ 3 საათამდე დემონსტრაციაზე ვიდექით… ჯერ ერთი, ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ბლომად! არაერთი ადამიანი, ვინც მიყვარს, მეიმედება, ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნია რუსთაველის პროსპექტზე იდგა.
ქაშუეთსა და გალერეას შორის ერთი წრე იყო შეკრებილი, ვაკვირდებოდი ამ წრეში ჩამდგარ ქალებს და ერთ ნაცნობს ხუმრობით გადავულაპარაკე: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მეცნიერებისთვის რა მნიშვნელობაც მარიკა ლორთქიფანიძესა და მზექალა შანიძეს ჰქონდათ, დაახლოებით იგივე მნიშვნელობა ექნებათ ამ გოგოებს 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული, ბედკრული მეცნიერებისთვის-მეთქი.
მარცხნივ გავიხედე და ჩვენებს მოვკარი თვალი, მემარცხენეებს, რომლებიც არც კლასიკური “ენჯეოშნიკები” გახდნენ, არც ოცნებას შეერწყნენ და დღემდე რჩებიან კეთილდღეობის სახელმწიფოს სადარაჯოზე.
საქართველოს მთავარ მოედანზე ვნახე ჩემი გამბედავი პროფესორებიც – ლამის ჩვენი თანატოლით, ლადო ნაფეტვარიძით დაწყებული, განუმეორებელი და ძალიან თვითმყოფადი, უსაყვარლესი მარინა ბურძენიძით დამთავრებული. დილით კი მოტივაცია ჩემი ქართულის მასწავლებლის, მაკა ბრეგვაძის სიტყვამ მოგვცა…
ოპონენტთაგან ყველაზე ახლობელსაც კი გადავეყარე მოწამლული ნისლის ქვეშ!
ვარსკვლავებივით ანათებდნენ ეს ადამიანები! დიახ! არ ვაჭარბებ!
ვიდექით, ვიღაცები გაუვალ რკინის ჯებირებზე აბრახუნებდნენ, ვეღარ მოითმინეს ველურებმა, რომელთაც წაქცეულისთვის სახეში წიხლის ჩარტყმა არ ერიდებათ (სად გაიზარდეთ?), და წამოვიდნენ…
ივანიშვილისა და მისი მონების სიბნელე, გულისამრევი პროპაგანდის სიმყრალე კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ამ ადამიანების მნიშვნელობას! ჩვენს დაგლეჯილ, გაუბედურებულ რესპუბლიკას უკეთესი მომავალი აქვს.“
კომენტარები