საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაურინი დისკუსიის შემდეგ, შეთანხმება შედგა. მოქალაქეებს ეთერი 20:00-ზე დაეთმობათ. მათი სიტყვა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ”რეალურ სივრცეში” გაჟღერდება.
რამდენიმე წუთის წინ ვასილ მაღლაფერიძესა და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობისგან ეთერის დათმობას და აქციის ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, დღეს გადაცემა ”რეალური სივრცემ” განცხადება გაავრცელა:
ჩვენ ვხედავთ, როგორ უმოწყალოდ სცემენ პროტესტის მონაწილეებს ქუჩაში, როგორ უჩეხენ თავებს ჩვენს კოლეგებს და ფიზიკურად და მორალურადაც ვდგავართ მათ გვერდით.
ჩვენ ვდგავართ ჩვენი სახელმწიფოს მიერ არჩეული, კონსტიტუციურად გამყარებული მომავლის დასაცავად.
როგორც ამ საზოგადოების წევრები, ჩვენ ვდგავართ ქუჩაში, მაგრამ როგორც პროფესიონალები, როგორც ჟურნალისტები, ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვასრულებთ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. “რეალური სივრცე” უკვე თვეებია არაა სატელევიზიო ეთერში და ისე როგორც სხვა რამდენიმე გადაცემის გუნდისთვის, ჩვენთვისაც ამის მიზეზად ტექნიკური გარემოებაა დასახელებული : “საზმაუ იცვლის შენობას, გადააქვთ სტუდიებიც და ტექნიკური აღჭურვილობაც”.
სრულიად გააზრებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია ამ უმძიმეს დროს და ვწუხვართ რომ ჩვენი გადაცემის ეთერს ვერ ვუთმობთ მიმდინარე მოვლენების შესახებ მიუკერძოებელ და უმნიშვნელოვანეს მსჯელობას, ადამიანების სათქმელს, მათ ხმას, რომელსაც ცივი წყლის დამიზნებული ჭავლი ვერ ჩაახშობს.
“რეალური სივრცე” ხალხის სივრცეა! ასე იყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, როცა ის პირველად გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ასე იქნება, ვიდრე იარსებებს.
კომენტარები