“მთავარი არხის” ინფორმაციით მოძალადეების, რომლებიც მომიტინგეებს სცემენ, დღიური ანაზღაურება 500 ლარია, მათი დამქირავებელი კი – კობა ჭუმბურიძეა. ჭუმბურიძე ლილოს ბაზრობის დაცვის სამსახურის თანამშრომელია და საღამოობით თანამოქალაქეების საცემად თავისი თანამშრომლებიც დაჰყავს.
კობა ჭუმბურიძეს 2 ძმა ჰყავს – მთავარი არხის ცნობით, ორივე მოძალადე. დიმა ჭუმბურიძე იყო ერთ-ერთი დაქირავებული, რომელმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, გმირთა მოედანთან შეკრებილი მოქალაქეები გონების დაკარგვამდე სცემა. დიმა ჭუმბურიძე გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრია, ფიგურირებდა შინჯიკაშვილისა და ხარებას ხელჩართულ კონფლიქტშიც, ამის გამო ყოფილ სპორტსმენს და მოქმედ მოძალადეს გარკვეული ხნით გიორგი შინჯიკაშვილთან ერთად ქვეყნის დატოვებაც მოუხდა.
მესამე ძმა – კახაბერ ჭუმბურიძე კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსია. შინჯიკაშვილისა და ხარებას დაპირისპირების შემდეგ უწყებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ კახა ჭუმბურიძეს სამსახურიდან წასვლა სურდა, მაგრამ ხარება ამის უფლებას არ აძლევდა და ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდა. როგორც ჩანს ახლა ისევ გაერთიანდნენ.
აქციაზე ყველასთვის გაუგებარი -არასათანადოდ ჩაცმული, განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული პირების ყოფნაც, მედიის თქმით, ასე აიხსნება.
გუშინ ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებლებიდან აგინეს. ესეც დაშინების რუსული მეთოდია, რომელსაც ბელარუსში იყენებდნენ.
ვახტანგ გომელაურმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე დემონსტრაციულად გამოაცხადა, რომ შეიძინეს წყლის ჭავლის რამდენიმე ახალი მანქანა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ზუსტად რამდენი. შესყიდვის დოკუმენტები საიდუმლოა, ამიტომ უცნობია რა რაოდენობისა და რა სტანდარტების სპეცტექნიკა იყიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ კადრებში იკითხება მანქანის მწარმოებელი კომპანიის სახელი. „სითრაკი“ ჩინური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა.
კომენტარები