სოფო ბაბლუანი ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, თემურ ბაბლუანის უმცროსი შვილია. სოფომ კორონავირუსი საფრანგეთში, პარიზში გადაიტანა და ეს ამბავი მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ გაამხილა. ამის შესახებ არც მისმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ. სოფო პარიზში ცხოვრობს, რეჟისორი და სცენარისტი, ის პარიზის კინოცენტრის ჟიურის წევრია, ესევე მოწვეული ლექტორი პარიზის ხელოვნების კოლეჯში. საფრანგეთში ხელოვნების აკადემია Les Beaux-Art-ს დაამთავრა, რის შემდეგაც ისწავლა კინო აკადემიაში და ამჟამად დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, სოციალური მეცნიერებების კვლევით ინსტიტუტში Ehess, განხრით „ესთეტიკა, ხელოვნების ფილოსოფია“.
„ალია“ სოფო ბაბლუანს პარიზში დაუკავშირდა.
– სოფო, პირველ რიგში, გილოცავთ გამოჯანმრთელებას. როდის და როგორ დაინფიცირდით კორონავირუსით?
– ვირუსი რთულ ფორმებში არ მქონია, ძალიან ცუდად არ მიგრძვნია თავი. უბრალოდ, შემაწუხებელ მდგომარეობაში ვიყავი, დამღლელი იყო. კრიტიკულ ფაზაში არ შევსულვარ, ამიტომ ტესტი არ გამიკეთდა. ტესტების რაოდენობის უკმარისობაა საფრანგეთში და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვიყავი ავადმყოფებს შორის პრიორიტეტი. სატელეფონო კონსულტაციით დამიდგინეს კოვიდ–19 და შემდეგ გავიკეთე ფილტვის სკანერი, რომლითაც ეს დიაგნოზი დადასტურდა. ექიმმა მომცა დანიშნულება – ანტიბიოტიკები და ამ წამლებით ვმკურნალობდი. დაახლოებით 2 თვეზე მეტხანს ვიყავი სახლში.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდ–19 გქონდათ გადატანილი? როგორც ვიცი, ვიდრე არ გამოჯანმრთელდით, არ უთხარით.
ჩემებს მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ გავაგებინე, არ მინდოდა ენერვიულათ, თითქმის მთელი ოჯახი საქართველოშია, ეს ინფორმაცია დისტანციაზე რთული იქნებოდა მათთვის. თან შევეცადე, რაც შეიძლება მსუბუქად მეთქვა ყველაფერი. ცხადია, ინერვიულეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩავლილი ამბავი. ვფიქრობ გამოჯანმრთელების შეტყობინება უფრო ადვილია ვიდრე ავადმყოფობის.
– თემურ ბაბლუანის შვილობა მსუბუქი ტვირთი არ უნდა იყოს თქვენთვის.
– როგორ გითხრათ? ტვირთად არასდროს აღმიქვია. როცა ადამიანი გვიყვარს, ეს პირიქით, სხვა ტვირთსაც გიმსუბუქებს.
–როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
-ჩვენს ბავშვობაში დედა მთელი მონდომებით იყო დაკავებული ოთხი შვილის აღზრდით. თემური შეიძლება ითქვას, ძალიან შემოქმედებითად არღვევდა დედაჩემის მიერ ჩვენთვის დამყარებულ წესრიგს. ის ძალიან დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელია. რამაც ჩემში თავისუფლებასთან დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა იქონია.
-მკაცრი იყო?
-ზომიერად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, ამიტომ საერთო ენის გამონახვას ყოველთვის ვახერხებდით.
რაც შეეხება დედას, ის თანამედროვე სამყაროსთვის უჩვეულოდ კეთილი და ადამიანურია, ყველა ადამიანში შეუძლია დაინახოს სიკეთე და მის განვითარებს შეუწყოს ხელი. ესე მგონია ნებისმიერის გაკეთილშობილება შეუძლია. ისეთი ადამიანია, მთავარ ფასეულობებზე რომ დაგაფიქრებს.
– ამჯერად რას საქმიანობს მამა?
– თემური და გელა, ფრანგული კინო აკადემიის ფილიალის საქართველოში დაფუძნებაზე მუშაობენ. პირველი ევროპული კინო-სკოლა იქნება კავკასიის მასშტაბით. პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. და მისი არსებობა მნიშვნელოვანი იქნება კინოს განვითარებისთვის, რადგან საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით ნიჭიერი ახალგაზრდაა და მათ რეალიზაციის საშუალება მიეცემათ ევროპული სტანდარტებით. ამასთანავე, თემური ყოველთვის შემოქმედებით პროცესშია, მას ახალი წიგნის და ფილმის პროექტიც აქვს მაგრამ განხორციელება როდის იგეგმება ეს მხოლოდ მან იცის.
– თქვენი დის, ოლღას საქმიანობას ქართული ტელევიზიიდან ვიცნობ. ძმების, გელას და გიორგის გეგმებზე რას გვეტყვით?
– გელას უკვე წლებია რაც უწყვეტლივ აქვს შემოთავაზებები სხვა და სხვა ქვეყნის კინოკომპანიებიდან. სთავაზობენ ფილმების და სერიალების გადაღებას. მაგრამ ის ამჯერად საკუთარ სცენარზე მუშაობს. მისთვის ეს არის პრიორიტეტული. უმცროს ძმას, გიორგის, საფრანგეთში წამყვანი რეჟისორების ძირითად ნაწილთან აქვს ნამუშევარი, ისეთებთან როგორც არიან Tony Gatlif, Benoit Jaquot, Christophe Honoré… მას კასტინგის გარეშე, პირდაპირ ურეკავენ რეჟისორები და როლზე შეთანხმება კაფეში ერთი ფინჯანი ყავის გარშემო ხდება. ის ამჯერად საქართველოში იმყოფება ოჯახთან ერთად. მომავალ გეგმებზე წინასწარ არასდროს საუბრობს.
– საფრანგეთში რატომ დარჩით, ფრენები რომ იყო აკრძალული, თუ საქმე გქონდათ?
– როდესაც იზოლაცია გამოცხადდა, საქართველოში გადაღებული ჩემი დოკუმენტური ფილმის, „მეფე თამარის შვილების” ხმის მონტაჟის პროცესში ვიყავით. ამ ფილმზე მუშაობა საკმაოდ გაგვიგრძელდა, მაგრამ იზოლაციის გამო, იძულებული ვიყავით ცოტა კიდევ შევჩერებულიყავით. მაგრამ მხოლოდ პროფესიონალური მიზეზებით არ გადამიწყვეტია საფრანგეთში დარჩენა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ეს იზოლაცია იმ ქვეყანაში გამეტარებინა სადაც ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა. მნიშვნელოვანი ეკონომიური და სოციალური გარდატეხა ელოდება საზოგადოებას და იმისთვის, რომ მოვლენების განვითარებას გავყვე და არ გამიჭირდეს იმ ცვლილებებთან შეგუება, რაც კოვიდის შემდგომ პერიოდს მოყვება, აქ დარჩენა ვარჩიე.
– საფრანგეთში რა განწყობაა, რა ვითარებაა კორონავირუსის გამო?
– ხელოვნების დარგს დიდი დარტყმა მიაყენა ვირუსმა, ჩემი და სხვა ადამიანების მუშაობის პროცესი შეჩერდა. დაკეტილია კინოთეატრები, მუზეუმები, გალერეები, ოპერა… ხელოვნების დარგში საქმიანობა შეწყდა, რაც რთულია არამხოლოდ ამ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე მაყურებლისთვის, დამთვალიერებლისთვის. კულტურის გარეშე ცხოვრება გასაძლისია, მაგრამ რთული და ძალიან ცუდად აისახება საზოგადოების განვითარებაზე. რამდენიმე თვის მანძილზე მთავრობა ფინანსურ შეღავათებს გეგმავს კულტურის მუშაკებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს გეგმა, თუ რა სისტემით უნდა აღდგეს კულტურის სფეროში მუშაობა.
11 მაისიდან შეზღუდვები შემცირდა, და გარეთ შეგვიძლია გასვლა, მკაცრი წესების დაცვით.
ჩემთვის რთულია პარიზის ქუჩების ნახვა, რადგან ქალაქის დინამიკა შეცვლილია. გაიხსნა კომერცია, მაგრამ არ გახსნილა კაფეები და რესტორნები.
მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ დაკეტილა პარიზში კაფეები და რესტორნები და ახლა დაკეტილია. პარიზული ტერასა ქალაქის ენერგიის წყაროა, ის შეხვედრის, გაცნობის, აზრების გაცვლის სივრცეა. ხალხი იქ სამუშაოდაც იკრიბება. სოციალური ცხოვრების დიდი ნაწილია. მეფის დროინდელი სალონის კულტურა, სადაც ადამიანები აზრის გასაზიარებლად იკრიბებოდნენ, პარიზული კაფეებშიც გადმოსულია მემკვიდრეობით, პარიზული ტერასა პარიზის შემადგენელი ნაწილია.
დღეს სოციალური სტრუქტურა შეიცვალა მთელი საფრანგეთი პიჟამოშია, მოპირდაპირე შენობაში მეზობლებმა ერთმანეთი გავიცანით, გაჩნდა ახალი სახის კავშირი და მეგობრობა, “კარანტინის მეგობრები”.
მეზობლებმა უკვე ყველამ ვიცით, ვინ როდის იღვიძებს, ვინ როდის ამზადებს საჭმელს, როდის მუშაობს და ვინ როდის კითხულობს წიგნს ფანჯარასთან. ვირუსის შემდეგ, ჩვენს ქუჩაზე საზეიმო შეკრებას ვგეგმავთ „კარანტინის მეგობრები”.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №17
კომენტარები