გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში ლომის წილი პაატა იმნაძეს მიუძღვის.
ექიმის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან კარგად მესმის რას გულისხმობს ბ-ნი პაატა. ეს ის ადამიანია, რომელმაც ლომის წილი შეიტანა მიღწეულ შედეგებში, რომელსაც ენანება საკუთარი შრომა და ვინც ძალიან კარგად იცის, რა ჰოსპიტალური სტრუქტურა აქვს საქართველოს და რამდენად კარგად არის მედ-პერსონალი მომზადებული. თუმცა არაფრით არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მმართველი გუნდი გაიყოს, მთავრობა და ეკონომიკის მინისტრი სხვა რამეს უყვებოდეს ხალხს და ჯანდაცვა სხვა რამეს ამტკიცებდეს. ეს ხალხის დაბნევას და აგრესიას გამოიწვევს.
ლოკდაუნი ანუ ყველაფრის გაჩერება ბრწყინვალედ გამოგვივიდა. ამას, კაცმა რომ თქვას, განსაკუთრებული გეგმა არც სჭირდებოდა. ეხლა, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა ავამუშაოთ და თან ისე, რომ საფრანგეთის მაგალითი არ გავიმეოროთ (საფრანგეთში სკოლები ისევ დაიხურა ბავშვების ინფიცირების გამო). აქ არის გეგმა აუცილებელი!
#ვეთანხმები, ტრანსპორტში ბევრი ადამიანი, მჭიდროდ არ უნდა იჯდეს, დისტანცია დაცული უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ არ შეიძლება საგანგებო რეჟიმი გააუქმო და ხალხს უთხრა სამსახურში ტრანსპორტის გარეშე იარეთო. რა ქნას იმ ხალხმა ვისაც მანქანა არ ჰყავს ან ტაქსის ფული არ აქვს? გამოსავალი უნდა მოინახოს, მაგალითად შემცირდეს ხაზები, ავტობუსები და მიკრო ავტობუსები გადანაწილდეს დარჩენილ ხაზებზე, ისე რომ ყოველ 15-20 წუთში იაროს ტრანსპორტმა და მძღოლმა იცოდეს რამდენი ადამიანი აუშვას თავის ავტობუსში და როგორ დასხას.
#ვეთანხმები, ახალ კორონა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და შევიმუშაოთ ახალი წესები, მაგრამ ეს წესები ხალხს ცხოვრების საშუალებას უნდა აძლევდეს და წესით საგანგებო რეჟიმის დამთავრებამდე შემუშავებული უნდა იყოს.
#ვეთნახმები, ეკონომიკას და ტურიზმსაც უნდა მივხედოთ, მაგრამ იმის გარანტი, რომ ეს მამაცი ნაბიჯი გაამართლებს ხომ სამედიცინო სისტემაა? რაც უფრო ძლიერი და დიდი მოცულობის ჰოსპიტალური სექტორი გვაქვს, მით მეტი ადამიანის დაინფიცირებაა ერთდორულად შესაძლებელი და მით უფრო დიდ აფეთქებებს, რომლებიც აუცილებლად იქნება, გავუმკლავდებით საგანგებო რეჟიმის გარეშე.
#არვეთანხმები ალალ ბედზე ექიმების მიტოვებას. თუკი რობერტ კოხის ინსტიტუტთან სტატისტიკა და ეპიდემიოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს ვარკვევთ, რატომ არ განვიხილავთ ჰოსპიტალური სექტორის მენეჯმენტს ევროპელ კოლეგებთან? რატომ არ ვეკითხებით რა ღონისძიებები გაატარეს და როგორ მოამზადეს მედ-პერსონალი? თუკი პანდემიის ეპიდემიოლოგიასთან დაკავშირებულ ნაწილს ამდენ დროს ვუთმობთ (ასეც უნდა იყოს) და ასე კარგად ვმართავთ, რატომ ვივიწყებთ მეორე და უმნიშვნელოვანეს ნაწილს?
არანაირი ილუზიებით არ ვიკვებები და არ ვაფასებ ქართულ მედიცინას გერმანული სტანდარტებით. ზუსტად ვიცი სხვაობა, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ სათანადო გეგმა, რომელშიც ყველა შესაძლებელი სცენარი იქნება გათვალისწინებული და არსებულ რესურსებზე გათვლილი, არ არსებობს. ვხედავ, რომ ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული არ არის, უმრავლესობა მედ-პერსონალისა ინფორმირებულიც კი არ არის დატრენინგებული კი არა. ანუ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება!!! მართლა შეიძლება! დაფინანსებაც არსებობს და “მხოლოდ” სწორი გადაწყვეტილებებია საჭირო.
მედ-პერსონალის მობილიზება-დატრენინგების გარეშე მთელი შრომა წყალშია ჩაყრილი და ტურიზმზე საუბარი დროის კარგვაა. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება 2 მილიონიან თბილისში ერთდროულად დაინფიცირდეს, როცა მხოლოდ 3 კლინიკაა კოვიდ-19-ის მართვაში ჩართული და ანუ მათი გადავსების შემთხვევაში ისევ ლოკდაუნი იქნება გასაკეთებელი.#ესადარდებსპაატაიმნაძესდავეთანხმები“.
კომენტარები