2005 წლის 6 ივნისს, ოსებმა ცხინვალიდან ოთხი ქართველი გაიტაცეს. დიდი ლიახვის სოფელ ქურთას მცხოვრებლები, ბიძაშვილები ჰამლეტ, მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები და ხაშურელი მამუკა ლომიძე. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ლომიძეს სატვირთო ავტომობილის იაფად შეძენა სურდა, მას ავტომობილის საყიდლად ხაჭაპურიძეები გაჰყვნენ ცხინვალში. ლომიძეს ავტომობილის შესაძენი ფული თან ჰქონდა და სწორედ ამის გამო, ისინი ოსმა კრიმინალებმა გაიტაცეს. თუმცა, ეს იყო ძალიან სუსტი, უსაფუძვლო ვერსია, რომელიც მედიას ვიღაცამ შემოუგდო, რადგან ჭიანურდებოდა 4 გატაცებულის ძებნა და მათი ადგილსამყოფელის დადგენა.
კრიმინალებს ფული თუ უნდოდათ, წაართმევდნენ და ოთხივეს გამოუშვებდნენ.
მეორე ვერსიით, ისინი გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს, თუმცა, არც ვერსია იყო მყარი. დღეები გადიოდა და არც ერთის ოჯახისთვის გამოსასყიდი არავის მოუთხოვია. უფრო სარწმუნო იყო ის ვერსია, რომ ეს 4 ადამიანი ოსებმა შურისძიების მიზნით გაიტაცეს და დახოცეს. ამ დროს, დროებით დაკონსერვებული ქართულ–ოსური კონფლიქტი უკვე გაღვივებული იყო, 2004 წლის ზაფხულის მოვლენების შემდეგ, ქართულ და ოსურ ფორმალურ შეიარაღებულ მხარეებს შორის არაერთი სამხედრო დაპირისპირება მოხდა და ორივე მხრიდან იყო მსხვერპლი. იყო სხვა ნაკლებად სარწმუნო ვერსიებიც.
გატაცებული ქართველების ცოცხლად დასაბრუნებლად ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობდა, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში, გოგა ხაინდრავა და მისი აპარატი.
ამ დროს გაზეთ „ალიაში“ ცხინვალის რეგიონი, ასე ვთქვათ, მე მქონდა ჩაბარებული, ანუ მე ვაშუქებდი და ცხადია, ამ ოთხი ქართველის გატაცების ამბავიც მე უნდა დამეწერა გაზეთში. მომხდარიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე, ივლისის დასაწყისში, რამდენიმე სანდო წყარომ დამიდასტურა, რომ ქართველები არა ჩვეულებრივმა კრიმინალებმა, არამედ სეპარატისტულად განწყობილმა ოსებმა გაიტაცეს, რომლებიც არაოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდნენ, მათ „პრეზიდენტ“ ედუარდ კოკოითის გარემოცვა აფინანსებდა და პატრონობდა.
ყაროებმა მითხრეს, რომ გატაცებულები გატაცებიდან მესამე დღესვე დახოცეს ანუ 7 ივნისს. დამისახელეს სოფელი, სადაც ისინი დახოცეს და სავარაუდო ადგილიც, სადაც მათი ცხედრები იყო დამარხული. ისიც მითხრეს, რომ ვიდრე დახოცავდნენ, ოთხივე აწამეს და ეს იყო შურისძიება ქართველების მიმართ და სხვა არაფერი.
არ ვიცი საიდან, მაგრამ ეს ინფორმაცია მე რომ მქონდა, მინისტრის, გოგა ხაინდრავასთვის გახდა ცნობილი. მე არავისთვის მქონდა ნათქვამი. ვფიქრობ, მე ან ჩემს ერთ–ერთ წყაროს გვისმენდა უშიშროება. მე რომ მისმენდნენ, ეს ნამდვილად ვიცოდი, ამიტომაც იყო, ცხინვალის რეგიონში მყოფ ჩემს წყაროებს, თავად ვუყიდე რედაქციის ფულით „მაგთის“ ნომრები, ჩემ სახელზე გავაფორმე და გავუგზავნე, ჩემთვისაც მქონდა ერთი სპეციალური ნომერი და მხოლოდ ამ ნომრებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. იმ ნომრებით არასდროს ვლაპარაკობდით ერთმანეთთან, რომელთაც მუდმივად ვიყენებდით. გარდა მაგისა, კონკრეტულ წყაროსთან სატელეფონო კონტაქტის ერთგვარი გრაფიკი მქონდა. თითოეული მათგანი, კვირაში ერთხელ, წინასწარ შეთანხმებულ დღეს და საათზე მირეკავდა. ეს სიფრთხილე მათივე უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ხშირ შემთხვევაში, ეს ხალხი ოსებისგან მოიპოვებდნენ ინფორმაციას, მათ შორის, კოკოითის არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათთან დაახლოებული პირებისგან და ამ ინფორმაციას მე მაწვდიდნენ.
ცხადია, მათი გაშიფვრა ოსური მხარის მიერ, ამ ხალხს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. თუმცა, ოსური მხარე არა, მაგრამ ეტყობა, მათ ნომრებს ან ჩემს ნომერს უსმენდნენ ჩვენი სპეცსამსახურები. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ქართველი ბიჭები ოს სეპარატისტებს ჰყავდათ დახოცილი და ჩვენი ხელისუფლება ჯერ კიდეც ცოცხლებად აცხადებდა, ეს უკვე ვიცოდი და ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვაპირებდი.
მოულოდნელად, მინისტრმა გოგა ხაინდრავამ დამირეკა და სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა. შევთანხმდით დროზე და წავედი მასთან შესახვედრად.
სამინისტროსთან მივედი და ისევ მირეკავს გოგა ხაინდრავა: ახლა, ამ წუთას დამირეკა ზურა ჟვანიამ, სასწრაფოდ შეხვედრა უნდა რაღაც გადაუდებელ საქმეზე და გავრბივარ, ჩემი მოადგილე გია ვოლსკი დაგხვდება და ჩემს სათქმელს გადმოგცემს, ზურასგან რომ გამოვალ, ვეცდები, მოგისწრო, თუ არადა, მერე დაგირეკავო.
მართლაც, დავინახე, რომ გოგა ხაინდრავა სამინისტროდან გამოვარდა, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ავედი გია ვოლსკისთან, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეხვედრილი. ხაინდრავას კაბინეტში შემიძღვა, დავსხედით. მდივანმა ყავა მოგვიტანა და დაახლოებით 15–20 წუთი სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. ამის შემდეგ ვოლსკი მთავარ სათქმელს მიადგა. გამომიტყდა, რომ ხელისუფლებამ, მათ შორის, ცხადია, გოგა ხაინდრავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა, უკვე იცოდნენ, რომ ძმები ხაჭაპურიძეები და მამუკა ლომიძე ოსების მიერ მოკლულები იყვნენ. გია ვოლსკიმ, მისი და ხაინდრავას სახელით მთხოვა, ეს ინფორმაცია არ გამომექვეყნებინა, რადგან ვითარება ცხინვალის რეგიონში ისედაც დაძაბული იყო და ეს ამბავი რომ გახმაურდეს, უარესად დაიძაბება. ქართველები ამას არ შეირჩენენ, საპასუხოდ რამდენიმე ოსს მოკლავენ და ეს სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევსო.
ისიც მითხრა, ერთ–ერთი გატაცებულის, ჰამლეტ ხაჭაპურიძის ძმას, ლევან ხაჭაპურიძეს ვიცი, რომ შენც იცნობ, ეგ კაცი 90–იან წლებში, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დროს იარაღით იბრძოდა, ავტორიტეტული კაცია და სხვამ ხელიც რომ არ გაატოკოს, ლევანი არ გაჩერდება, ძმისა და ბიძაშვილების დახოცვის გამო შეეცდება შურისძიებას, არა ერთი ქართველი დიდი ლიახვის ქართული სოფლებიდან დაუდგება იარაღით გვერდში, ლევანი უკვე იქაჩება და ძლივს ვაჩერებთო. ისიც მითხრა, ახლა რაც შეგვიძლია, დროს ვჭიმავთ, ვამბობთ, რომ ვითომ ცოცხლები არიან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათ გათავისუფლებაზე და ამას იმიტომ ვაკეთებთ, იმიტომ ვიტყუებით, რომ დრო მოვიგოთ, რაც გვიან ვეტყვით დაღუპულთა ახლობლებს, რომ ისინი ცოცხლები არ არიან, მით ნაკლები იქნება შურისძიების წყურვილი ხაჭაპურიძეების ოჯახის წევრებშიც, ზოგადად იქაურ ქართველებშიცო.
ისიც მითხრა, პრემიერ–მინისტრი, ზურა ჟვანიაც ამ პოზიციაზე დგას და ჩათვალე, რომ ეს ზურას თხოვნაც არისო.
დიდხანს არ დავფიქრებულვარ, ვუთხარი გია ვოლსკის, არაფერს დავწერ, რა ჯანდაბად მინდა ისეთი მასალა, რომელიც რეგიონში ვითარებას დაძაბავს–მეთქი. მივხვდი, არ ელოდა ვოლსკი, ასე იოლად თუ დავყაბულდებოდი. გაუხარდა და იქვე მითხრა, როდესაც დრო მოვა ამ ამბის გახმაურებისა, გეტყვის გოგა და მაგ ექსკლუზივს ისევ შენ გამოაქვეყნებ, თან დამატებით დეტალებსაც შენ მოგცემს, რა და როგორ მოხდაო.
ამ დეტალების ნაწილი იქვე მითხრა, რაც ჩემი წყაროების სრულ სანდოობას ადასტურებდა – ფაქტობრივად, იგივე გამიმეორა, რაც უკვე ვიცოდი. საუბარს რომ მოვრჩით, თემურ ლომსაძეს დაუძახა, რომელიც აპარატში რომელიღაც სამსახურს ხელმძღვანელობდა და მას ხშირად ვურეკავდი ინფორმაციების გადამოწმების მიზნით. გია ვოლსკიმ უთხრა თემურ ლომსაძეს, ლევანი იმაზე ჯიგარი ყოფილა, ვიდრე შენ მითხარიო. ვოლსკიმ ამის შემდეგ ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და დიდი მადლობა გადამიხადა. ბატონმა თემურმაც გადამიხადა მადლობა. გამომაცილეს და წამოსვლის წინ ვოლსკიმ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ გოგა ხაინდრავა პირადად დამირეკავდა და მეტყოდა, მასალა როდის გამომექვეყნებინა.
გამოვედი სამინისტროდან, წავედი სამარშრუტო ტაქსით “ალიაში”. გზაში გოგა ხაინდრავამ დამირეკა, უკვე მისული იყო სამსახურში. სულ ძმა მეძახა, შენ გენაცვალე, რომ მაგ მასალას აღარ გამოაქვეყნებ, აზრზე არ ხარ, რამხელა ტვირთი მომხსენი ზურგიდან, რამხელა შარს და სისხლისღვრას გადავურჩითო. გიამ როგორც გითხრა, მოგვიანებით, ექსკლუზიურად შენ გამოაქვეყნებ მაგ მასალას და თან, მაგარ დეტალებსაც გეტყვი დამატებითო. გოგასაც ვუთხარი, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია და ცხინვალის რეგიონში რომ მშვიდობა იყოს, ხალხი არ დაიხოცოს, ეს ჩემი მოქალაქეობრივი და პროფესიონალური მოვალეობაც არის, არც ერთხელ არ გავკიდებულვარ ექსკლუზივს, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს კი არა, ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის–მეთქი. ჯიგარი ხარ, ლევან ძმაო, ჯიგარი ხარო! – მითხრა გოგამ, დამემშვიდობა და გამიშითა ტელეფონი.
მივედი „ალიას“ რედაქციაში. ჩავაყენე საქმის კურსში ჯერ ნომრის პასუხისმგებელი რედაქტორი, თამაზ ბესტავაშვილი და შემდეგ შევედი გამომცემელთან გიორგი ბრეგვაძესთან და ავუხსენი სიტუაცია. გიორგიმ მოკლედ მომიჭრა – საერთოდ ნუღარ დავწერთ ცხინვალის რეგიონზე ცოტა ხანს, ოღონდ იქ მშვიდობა იყოს. რა თავში ვიხლი ისეთ ექსკლუზივს, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დააზარალებს, ნუ დაწერ მაგ ბიჭების დახოცვაზე ნურაფერსო. მისი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, კი მომაძახა შეფმა: იმის იმედი ნუ გექნება, რომ ეგენი სიტყვას შესარულებენ, ხაინდრავა არანაირ ინფორმაციას არ მოგცემს და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, ალბათ, პრესკონფერენაციაზე გაახმაურებს მაგ ამბავსო. გულში გავიფიქრე, ხაინდრავა მაგას როგორ იკადრებს–მეთქი, მაგრამ აღარ შევეკამათე და გამოვედი.
რამდენიმე თვე გავიდა ამ ამბიდან. სადღაც ნოემბრის შუა რიცხვები იყო და ერთ–ერთ გაზეთში წავიკითხე გოგა ხაინდრავას ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც დეტალურად ყვებოდა ხაჭაპურიძეებისა და მამუკა ლომიძის მკვლელობის ამბავს. რაც მე ვიცოდი, ისიც მოუყვა ჟურნალისტს და სხვა, დამატებითი დეტალებიც გავიგე. არც ხაინდრავას, არც ვოლსკის ჩემთვის არ დაურეკავთ. თემურ ლომსაძემ დამირეკა მეორე დღეს, ბოდიში მომიხადა, მე არავინ არაფერი მკითხა, ეგრე გადაწყიტეს გოგამ და გიამ, არაფერ შუაში ვარო.
აი, ასე „გადამაგდეს“ გოგა ხაინდრავამ და გია ვოლსკიმ. ყველა ექსკლუზივის დედაც ვატირე, მაგრამ სიტყვის კაცი იყავი, რა! არ ხარ სიტყვის კაცი? მაგას ყველამ ვიცით რაც ჰქვია.
გოგა ხაინდრავა მალე გადადგა მინისტრის პოსტიდან და „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის ოპოზიციაში გადავიდა. მისი გადადგომიდან ზუსტად 2 თვეში, იმ გაზეთმა, რომელიც მე და „ალიას“ თავზე გადაგვახტუნა ხაინდრავამ, აფხაზეთის ომის რამდენიმე ვეტერანზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ვრცელი, 2 გვერდიანი წერილი იმის თაობაზე, აფხაზეთის ომის დროს გოგა ხაინდრავა როგორ ვაჭრობდა ნარკოტიკებით, აფხაზეთიდან თბილისში როგორ ჩამოჰქონდა და აქ ყიდდნენ მისი „ბარიგები“, აფხაზი ტყვეები როგორ გაცვალა ნარკოტიკების, კერძოდ, ჰეროინის დიდ პარტიაში – 5 თუ 6 კაცი მისი ბრძანებით გადასცეს აფხაზურ მხარეს, როდესაც, მინიმუმ, ამდენივე ქართველ ტყვეზე გაცვლა შეიძლებოდა ამ აფხაზი ტყვეებისა. გოგა ხაინდრავას კიდევ ბევრი ბინძური ამბავი იყო გამოქვეყნებული. რომელი იყო მართალი, რომელი ტყუილი, არ ვიცი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი მართალი იყო, რადგან გოგა ხაინდრავას არათუ სასამართლოსთვის არ მიუმართავს, გაზეთსაც არ მიმართა, ტყუილს წერთ ჩემს შესახებ და უარყავით ეგ გავრცელებული ინფორმაცია, მორალური ზიანი მივიღეო… ეტყობა, მორალურად არ დაზარალებულა და რას ვერჩი…
ლევან ჯავახიშვილი
ალია №17
კომენტარები