თუ რა ვითარებაა საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით, „ალიას“ ქალაქ სალონიკში მცხოვრები ქართველი, ოთხი შვილის დედა სოფო მაისურაძე ესაუბრება.
– სოფო, რამდენი წელია საბერძნეთში ცხოვრობ?
– 2005 წლიდან წავედი ემიგრაციაში ოჯახთან ერთად. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მააქედან როგორ წავიდოდი, მაგრამ ნაცების რეჟიმის დროს ისე გამიხადეს საქმე, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მამაჩემი, მერაბ მაისურაძე, პოლიციის ლეიტენანტი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მისი გმირულად გარდაცვალების შემდეგ გამოგვიყვეს ერთოთახიანი ბინა მე და დედაჩემს და „ნაცებმა“ ის ერთადერთი საცხოვრისი გაგვისხვისეს. რატომ? რატომ და დედაჩემი თანამდებობის პირი იყო, რომელსაც ხელფასის გარდა სახლში არაფერი მოუტანია, მაგრამ როცა ნაციონალების უკანონო ბრძანება არ შეასრულა, ციხეში 29 წლით უკრეს თავი. კორონამ რა უნდა დაგვაკლოს მე და დედაჩემს, რაც რეჟიმებმა გვიქნეს. ახლა სრულ ჭკუაზე არ ვარ, როდესაც შევიტყვე, რომ უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა პრეზიდენტმა. ჩვენ ამ ხალხის გამო ვართ დევნილობაში, რადგან საქართველოში პატიოსნებას ჩირის ფასი აქვს.
– საბერძნეთში?
– არა, ასეთი რამ არ ხდება, რაც დედაჩემს დამართეს, რაც ჩემმა ოჯახმა გაიარა. ათენში ერთი ადამიანის უკანონოდ დასჯისთვის მთელი ქვეყანა გარეთ გამოვიდა. საბერძნეთსაც ახსოვს შავი პოლკოვნიკების რეჟიმი. ეს იყო 1967-74 წლები, როდესაც ხუნტა საბერძნეთში აკეთებდა იმას, რასაც სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში აკეთებდა საქართველოში. ახლა თქვენ იკითხავთ, მაშინ ბერძნებიც უნდა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდანო? არა, მე გაქცეული კი არ ვარ, საბერძნეთში დედაჩემი რომ ვარჩინო, იმიტომ ვარ. თან ოთხ შვილს ვუვლი. ქალი ავად გახადეს, საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადის. მისი სამართლიანობა „ოცნებამ“ არა და არ აღადგინა.
– მოდით, დავუბრუნდეთ კორონავირუსს. ვინ შემოიტანა საბერძნეთში ეს ვირუსი?
– ტურისტებმა, რა თქმა უნდა. მათი 80% კორონავირუსით იყო დაავადებული. ამ ვირუსით 245 გარდაცვლილია, 2000-ზე მეტი – ინფიცირებული.
– ამჟამად რა ვითარებაა საბერძნეთში?
– როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, აქაც აკრძალვებია. არის კარანტინი, მაგრამ ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა. თუ ნიღბისა და პირადობის მოწმობის გარეშე გახვალ გარეთ, გაჯარიმებენ. ყველაზე დიდი პრობლემა საბერძნეთში არის ბევრი არალეგალის არსებობა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მე ძალიან განვიცდი სალონიკში არალეგალი ქართველების მძიმე მდგომარეობას. საქართველოს საელჩო შეძლებისდაგვარად ახდენს მათ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ რიცხობრივად იმდენი არიან, რომ ეს პროცესი ჭიანურდება. მე და ჩემს მეუღლეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ჩემი მეუღლე ბერძენი ეროვნებისაა, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი. გვინდა ჩვენი შვილები საქართველოში გაიზარდონ. მე საქართველოს გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს.
– საბერძნეთში როგორი ჯარიმებია, თუ მოქალაქემ დაარღვია კანონი?
– 5 მაისიდან თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. თუ დისტანცია დაირღვა, ჯარიმა 300 ევროა. ქალაქიდან ქალაქში უკანონოდ გადასვლაზე – 1500 ევრო.
– სამსახური თუ გაქვს?
– სპეციალობით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ არ ვმუშაობ. ჩემი მეუღლე მუშაობს და ოთხ შვილს და ოჯახს ის არჩენს. საბერძნეთში ხალხი უმეტესად სახლში ზის. ისინი სამსახურში არ დადიან. თუმცა ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლები უხდიან. სახელმწიფო და ბიზნესმენები ცდილობენ, გამოსავალი ერთად გამონახონ. როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც ეკონომიკური კრიზისია.
– კარანტინის დარღვევის ფაქტები ხშირია?
– რა თქმა უნდა, ზოგი ჩუმად გამორბის კარანტინიდან.
– საბერძნეთის მთავრობის მიმართ ხალხში რა განწყობაა?
– დადებითი. ყველაფერს ცდილობენ, რომ კორონავირუსი არ გავრცელდეს. ამ მხრივ საბერძნეთი ევროპის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია.
– თქვენთან, საბერძნეთში, ემიგრანტი ავად რომ გახდეს ახლა, უმკურნალებენ?
– როგორ არა, არც ეკითხებიან, თუ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. კვიპროსში ჩემი ახლობელი ქართველი გახდა ცუდად. უცბად წაიყვანეს და ყველაფერი გაუკეთეს. ასეთი შემთხვევაც იყო: საბერძნეთში დაიღუპა თბილისელი და საბერძნეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქალბატონი თბილისში გადმოესვენებინათ. ამ ბოლო დროს საერთოდ საბერძნეთში კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. ყველა იძახის, ეს ჩვეულებრივი ვირუსიაო. ამიტომ ყველა ვაქცინების მიღების წინააღმდეგია.
– ბერძნები უძველესი ქრისტიანები არიან. ამ ვირუსთან დაკავშირებით ექიმების უფრო სჯერათ თუ ღმერთის?
-გეთანხმებით, ბერძნები მორწმუნეები არიან. ჩვენ ღმერთი გვიშველისო, იძახიან. მეც მჯერა, როგორც მართლმადიდებელ ადამიანს. ასეთი რწმენა სულიერად გვაძლიერებს.
– უცხოეთში მყოფი მილიონერი ბერძნები გაჭირვებულ ბერძნებს ეხმარებიან?
– კარგი კითხვა დასვით. მდიდარ ბერძნებს საერთოდ, არც ერთ დროს არ მიუტოვებიათ გაჭირვებული ბერძნები და არც ახლა ტოვებენ მათ ამ დიდი განსაცდელის დროს.
– საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა როგორ უმკლავდება კორონავირუსს?
– ვფიქრობ, კარგად. ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდა კორონავირუსის პანდემიას. პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. ბევრი ექიმი და ექთანი დაინფიცირდა ამ პერიოდში, მაგრამ სხვა ექიმები თადარიგს იჭერენ და ნებისმიერ მომენტში მზად არიან კორონავირუსთან ბრძოლაში. საბერძნეთი ეფექტურად ებრძვის პანდემიას, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს.
ნანა სულავა
ალია №17
კომენტარები