პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს რიგი შეზღუდვები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ბრიფინგზე განაცხადა.
იხსნება შეზღუდვა 70 წელს გადაცილებული ადამიანების სახლიდან გასვლის შესახებ, მაგრამ ვინაიდან, პრემიერის პრესსპიკერმა იქვე დაამატა, რომ რჩება რეკომენდაცია, არ გამოვიდნენ 70 წელს გადაცილებული ადამიანები უკიდურესი აუცილებლობის გარდა სახლიდან – უამრავი ადამიანი გვირეკავს “ალიას” და გვეკითხება, შეეძლებათ თუ არა ბოლოს და ბოლოს გარეთ გამოსვლა და დაჯარიმდებიან, თუ არა, იმ შემთხვევაში, თუ არიან 70 წელს გადაცილებულნი და გამოვლენ სახლიდან?
დიახ, დღეს, 23 მაისის ღამის 12 საათის შემდეგ, შეგიძლიათ გარეთ გამოსვლა და ამისთვის არავინ დაგაჯარიმებთ.
შესაბამისად, 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც გაქვთ სამსახური, მაგრამ აკრძალვების გამო, ვერ მიდიოდით სამუშაოდ – ხვალიდან უკვე შეგიძლიათ დამსაქმებლებს დაუკავშირდეთ და ჩვეულ რეჟიმში, დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვით, დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს.
რაც შეეხება პრემიერის პრესსპიკერის ნათქვამს, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ უნდა გახვიდეთ გარეთ, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არ არის აკრძალვა.
იგივე პრინციპით, ნებისმიერი ექიმის რეკომენდაციაა, ვიკვებოთ ჯანსაღად, გამოვიყენოთ კვების რაციონში რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი ყოველდღიურად – თუმცა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებთ.
ეს ისეთივე რეკომენდაციაა, როგორც რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ წლის მანძილზე მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა დავისვენოთ კურორტზე, მაგრამ უმეტესობა ვერც ამას ახერხებს.
ისეთივე რეკომენდაციაა, როგორც დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება, მაგრამ მთავრობის წევრებიც კი ვერ ახერხებენ ამ რეკომენდაციის დაცვას.
სამაგიეროდ, ახლა ყველანი შევძლებთ ექიმთა კიდევ ერთი აუცილებელი რეკომენდაციის დაცვას – სუფთა ჰაერზე შეგვიძლია გავისერნოთ და მზეს მივეფიცხოთ!
დაიცავით ჰიგიენის და დისტანციის წესები, რომელთა დაცვა კორონავირუსის გარეშეც აუცილებელია.
შეგახსენებთ, დღეს, ღამის 12.00 საათიდან სულ 4 შეზღუდვა იხსნება
ალია
კომენტარები