გაყინულ ვირუსთა კრებული, რომელთაგან მრავალი სრულიად უცნობია თანამედროვე მცნიერებისთვის, მკვლევარებმა ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებულ 15 000 წლის მყინვარიში აღმოაჩინეს.
მყინვარიდან ყინულის ორი ნიმუში (კერნი) აიღეს და მასში აქამდე უცნობ ვირუსთა 28 ჯგუფი აღმოჩნდა.
ამ იდუმალ ვირუსთა კვლევამ მეცნიერებს შეიძლება შეატყობინოს, რომელი ვირუსები ყვაოდნენ სხვადასხვა კლიმატსა და გარემოში დროთა განმავლობაში. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში კი, ამ ყინულის დნობამ შეიძლება გარემოში გამოათავისუფლოს პათოგენები. ამის შესახებ მეცნიერები წერენ კვლევაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის. და თუ მაინც ასე მოხდა, საჭიროა მათ შესახებ რაც შეიძლება ბევრი რამ ვიცოდეთ.
უძველესი მყინვარის მიკრობთა კვლევა ფრიად რთულია. ამის მიზეზი ის არის, რომ ყინულის ნიმუშები შეიძლება ძალიან ადვილად დაბინძურდეს თანამედროვე ბაქტერიებით. ამიტომ, მიკრობული და ვირუსული ნიმუშების შესაგროვებლად მეცნიერებმა ახალი, ულტრასუფთა პროტოკოლი შექმნეს.
ამ შემთხვევაში, ყინულის კერნის ორი ნიმუში ტიბეტის მთიანეთის გულიას ყინულის ქუდიდან 1992 და 1995 წელს აიღეს. თუმცა, იმ დროს, ყინულის გაბურღვისას არ მიუღიათ არანაირი სპეციალური ზომები მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყინულის ნიმუშების გარე ნაწილები დაბინძურებული იყო. თუმცა, მკვლევართა თქმით, შიდა ნაწილები სრულიად ხელუხლებელი იყო. შიდა ნაწილებში შესაღწევად მეცნიერებმა ცივი ოთახი და სტერილური ხელსაწყოები გამოიყენეს; ოთახში ტემპერატურა მინუს ხუთი გრადუსი იყო. ამის შემდეგ, ყინულის ნიმუშები მკვლევრებმა ეთანოლით გარეცხეს, რამაც გარე ფენა დაადნო. უკვე ამის შემდეგ, სტერილური წყლით კიდევ თხელი ფენა გადარეცხეს.
მთელი ამ სამუშაოს შემდეგ (რამაც ყინულს გარე 1,5 სმ სისქის ფენა მოაცალა), მკვლევრები მისწვდნენ დაუბინძურებელ ფენას, რომლის შესწავლაც უკვე შეიძლებოდა.
ექსპერიმენტის შედეგად, ყინულის ნიმუშებში გამოვლინდა ვირუსების გვარის 33 ჯგუფი. მათგან 28 ჯგუფი მეცნიერებისთვის აქამდე სრულიად უცნობი იყო. მათი თქმით, ორ ნიმუშში არსებული მიკრობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ, ანუ, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ყინულებში დალექილი არიან სრულიად სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.
მეცნიერთა განცხადებით, ის, რომ მყინვარები ვირუსებს ასე დიდხანს ინახავს, სულც არ არის გასაკვირი.
„დედამიწაზე არსებულ ვირუსთა მთელი მრავალფეროვნება რასაკვირველია, ჯერ აღმოჩენილი არ არის“, — ამბობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ვირუსოლოგი შანტალ აბერგელი.
ფოტო – თემატური
კომენტარები