„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია
– თქვენ მოსკოვში იმყოფებით და რა ხდება რუსეთში, დაწერეს ხალხი ბუზებივით იხოცებაო და მართალია?
– არა კაცო, ეგ არის სისულელე, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მაღალია, მე ვფიქრობ, ამ ყველაფერში, რასაც ჰყვებიან, ერთი 50 პროცენტი გაზვიადებულია, ასეთი მკაცრი ზომები არ უნდა მიეღოთ, არც რუსეთში, არც სხვაგან, იტალიის შიშით, ყველაფერი პირდაპირ გადმოიღეს და ყველაფერი დაკეტეს. მთელი მსოფლიო ეკონომიკა ჩამოინგრა, ისედაც ბევრი იყო გაღარიბებული, ახლა მსოფლიოში ღარიბებსა და მდიდრებს შორის ზღვარი კიდევ უფრო გაიზარდა.
– დაახლოებით ხომ იცით საქართველოს დახმარების პროგრამები და რუსეთის დახმარების პროგრამა როგორია?
– რა თქმა უნდა, აქ ბევრად მეტია, ასე ამერიკაშიც მეტია, ამერიკელები დაბეჭდავენ დოლარს და დაარიგებენ, ასე არ არის, რუსეთიც ისე არ ეხმარება მოქალაქეებს, რომ არიქა და შარიქა, მაგრამ ეხმარებიან კი.
– რუსეთში რამეს თუ ამბობენ, საქართველოში რატომ არის ასე ცოტა ინფიცირებული, ვირუსის გავრცელებასთან კავშირში ახსენებენ გენეტიკას?
– რუსეთში საქართველო არ აინტერესებთ, სოციალურ ქსელში ხმალაობენ ვიღაცები, მაგრამ ზემოთ პოლიტიკაში აქ არავის არ აინტერესებს, სამწუხაროდ, რა ხდება და როგორ ხდება საქართველოში.
– რას ამბობენ რუსეთში სააკაშვილის დანიშვნაზე?
– 5-6 თვის წინ მთხოვეს, სააკაშვილზე დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ და მიიღეთ მონაწილეობაო, მე ვუთხარი – თქვენი ბრალია ყველაფერი, რატომ აკეთებთ ფილმს სააკაშვილზე, ამიხსენით-მეთქი, თქვენ აპიარებთ ამ კაცს, დაანებეთ თავი და საერთოდ თუ არ ილაპარაკებთ, არც გამოჩნდება… რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ინტერვიუში თქვა, ბოლო წლების მანძილზე რუსეთში ჩემზე 10-მდე ფილმი გადაიღესო და მართალია… სააკაშვილის ღირებულება ზელენსკისთვის იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ რეფორმატორია – არა, სააკაშვილი ზელენსკიმ დანიშნა ზუსტად ანტირუსულობის დასამტკიცებლად, რომ დაემტკიცებია უკრაინის საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის, რომ ის არის ანტირუსულად განწყობილი – მარტო ამიტომ დანიშნა.
– იყო საუბარი, რომ მზად არიან საქართველოსთან სასაუბროდ…
– ორი ჟურნალისტი ქალი რომ იყო, ლავროვს იქამდე რომ არ მოეშვნენ, სანამ ავადა ხართო, არ აძახებინეს, ასე ვიღაცა რომ შეეკითხება და ჩაეჩრება, გინდა თუ არა თქვიო, ისიც ამბობს რაღაცას. ვიღაცა ჟურნალისტი აკრედიტირებულია საზღვარგარეთ, მიუვარდება და ჩაჩრის მიკროფონს ეპიდემიის დროს და ისიც იძულებულია, უპასუხოს, თორემ სამწუხაროდ, არ არის ინტერესი. საბედნიერო ინტერესი ხომ ხედავთ როგორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროსტრუქტურებიდან? მოგთხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება? მოგთხოვეს და მე ვიქრობ, სწორადაც მოგთხოვეს.
– საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ მუშაობს რუსეთში?
– მეტრო მუშაობს კი, ავტობუსიც.
– ჩვენთან არ მუშაობს… გამოდის ჩვენთან უფრო მკაცრი ზომებია მიღებული…
– საქართველოში აიღეს მაქსიმალურად კურსი იქითკენ რომ არ ჰყავდეთ დასნებოვნებულები, 600 კაცია ხომ დაახლოებით ახლა ინფიცირებული – გამოიჭირეს ეს ექვსასი კაცი და ექვსასივეს უმკურნალეს და აქ უმეტესობა სახლში მკურნალობს.
– ბოლნისელებსაც გულით უნდოდათ სახლში მკურნალობა, მით უფრო, რომ არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდათ, მაგრამ ვინ დატოვა?
– ხო, საქართველომ ეს გზა აირჩია, არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ამის საშუალება და ეს რა შედეგებს გამოიწვევს, ისევე როგორც არც ის იცის ვინმემ, რომ მიეშვათ რა იქნებოდა. ადამიანთა ის ჯგუფი, ვისაც ჰქონდა უსიმპტომოდ, ჩემი აზრით, უნდა გაეშვათ და მათ უნდა ჰქონოდათ გაფრთხილება, რომ არ შეხებოდნენ რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს. სხვა მხრივ, ეს ტალღა მობრუნდება შემოდგომაზეც და მეტიც, ვაქცინაც რომ იქნება, მაშინაც მობრუნდება და რას ვიზამთ? რუსეთში ოფიციალურად 200 000-ია, და ვფიქრობ, ორჯერ მეტი, 400 000 იქნება, ვინც უკვე გამოიარა ვირუსი და იმუნიტეტი აქვს. რუსეთში დაიწყეს ტესტირება, რომ ნახონ ვის აქვს უკვე ანტისხეულები გამომუშავებული, ვინ გამოიარა უსიმპტომოდ…
– მაგას ვითხოვთ ჩვენც, ბევრი ამბობს, რომ გადაიტანა, რომ დადგინდეს, დაახლოებით რამდენმა პროცენტმა გადაიტანა მოსახლეობის, უკეთ გვეცოდინებოდა რა შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს და რა – არა.
– სახელმწიფოს სასწრაფოდ უნდა მოეხდინა თანხების მობილიზება და გაეკეთებინა საავადმყოფო მძიმე და ნახევრად მძიმე პაციენტებისათვის და მიემართა ტესტირებისთვის, რომ გამოევლინა, ვის ჰქონდა უკვე ანტისხეულები. მაგრამ ყველამ ბრმად გადმოიღო იტალიის მაგალითი.
– არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ გაუტკბა ხელისუფლებას? საგანგებოს გავაუქმებთ, მაგრამ კანონს შევცვლით და შეზღუდვებს დავტოვებთო… როგორც ჩანს, ორგანულ კანონში აპირებს ცვლილებებს – მაინც რას შეზღუდავს საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ? რომელი უფლების შეზღუდვა უნდა?
– ჯერჯერობით უტკბება, იმიტომ რომ ციფრებით ყელყელაობს. რთული სათქმელია, ალბათ ეს იქნება პირველ რიგში გადაადგილების შეზღუდვა. ვთქვათ, შეკრების და მანიფესტაციის.
– კომენდანატის საათის დატოვება შეუძლია საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ?
– კომენდანტის საათი უკვე საგანგებო მდგომარეობაა. ეპიდემიის დროს, მთავრობას სწრაფად მოქმედების ბერკეტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ბერკეტი არ უნდა იყოს დიდი ხნით პოლიტიკური თავისუფლებებისა და სხვა შეზღუდვების საფუძველი. მოხსნა საგანგებო მდგომარეობა, მოხსნა კომენდანტის საათი და მასობრივი ღონისძიებების შეზღუდვა უნდა? დატოვოს საგანგებო მდგომარეობა მაშინ, რატომ ართულებს? თუ აქვს საფუძველი მისი დატოვების – დატოვოს და მის ფარგლებში შეამსუბუქონ შეზღუდვები.
– ყველაზე სწრაფი და მოქნილი ზუსტად საგანგებო მდგომარეობის დროსაა მთავრობა.
– ხო, რა ვიცი, რატომ ცვლიან, სიტყვის ეშინიათ – საგანგებო მდგომარეობის? არ დაარქვან საგანგებო მდგომარეობა, გამოაცხადონ პანდემიური, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და თუ არის რამე რეკომენდირებული შეზღუდვა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ, დატოვონ ის, ან რამე დამატებითი ღონისძიებები. მთავრობა სწრაფად უნდა მოქმედებდეს და სჭირდება ამისთვის ბერკეტი, მაგრამ გავიმეორებ – ეს ბერკეტი არ უნდა იყოს დიდი ხნით პოლიტიკური თავისუფლებებისა და სხვა შეზღუდვების საფუძველი.
თამო კეშელავა
ალია №17
კომენტარები