„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:
– თქვენი წერილი წავიკითხე სოციალურ ქსელში და გამახსენდა „ალიასთვის“ მოცემული ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ჰყვებოდით, როგორ ურჩევდით შევარდნაძეს, არ გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა, მაგრამ არ დაგიჯერათ და ამბობდით, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძეს რჩევებს აძლევდით, უკვე იცოდით, როგორ დასრულდებოდა მოვლენები და აღმოჩნდა – მართალი იყავით. ახლა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, დაახლოებით იმ ზღვარზეა ახლა ივანიშვილიც, რა ზღვარზეც 2003 წელს იყო შევარდნაძე და ასეა?
– ნამდვილად მასეა, ნამდვილად. მაგ ზღვარზეა ზუსტად მისული. დღევანდელი რეიტინგი, ის, რომ კორონავირუსის გამო მთავრობამ ეფექტურობა აჩვენა, თუნდაც შედარებითი – „შეწყალებით“ ეს რეიტინგი უკვე განახევრდა, თავისივე მომხრეები დაკარგეს… თუ მაინც აქამდე უნდა მისულიყავი, თუ ამას წინასწარ ვერ თვლი პოლიტიკოსი, ძალიან ცუდია… წინა დღით, პარლამენტის თავმჯდომარე, თალაკვაძე, გამოდის და ამბობს, არავითარი ასეთი მოლაპარაკება არ ყოფილა, რამდენიმე ჩერჩეტი კონგრესმენის წაბოდიალება არაფერს ნიშნავსო. ახლა გამოხტნენ და აბრალებენ სალომეს, სალომეს ცალკე ფენომენია, მაგრამ რა სინდისს-ნამუსით აბრალებენ მას, საინტერესოა.
– თქვენი პოზიცია ემთხვევა ოპოზიციის და და დასავლეთის პოზიციას, არადა, თქვენ პრორუსს გეძახიან, ხო?
– სამწუხაროდ ეს სიბნელე აქვს ქართულ პოლიტიკას და ქართულ საზოგადოებას. ძალად მედავსალეთეობა და სისულელეები. მე რა პოზიციაც მაქვს გამოხატული, მთლიანად ემთხვევა ხო ოპოზიციის და დასავლეთის პოზიციას? ახლა არა ვარ პრორუსი? გამოვა ახლა კობახიძე და იტყვის, პრორუსი ხაბურძანიას პოზიცია მთლიანად ემთხვევა ოპოზიციის პოზიციას და ოპოზიციაც არის პრორუსიო… მეტის სათქმელად ტვინი არ ეყოფა!
– რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა? კარგი, დავუშვათ, გააგრძელებს შეზღუდვებს და აკრძალავს მანიფესტის უფლებას – რას მისცემს მერე ეს?
– ეგ შეზღუდვები იქნება უკვე დამატებითი სისულელე კი არა, დამატებითი დანაშაული. რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა? – ბევრი არაფერი, სიმართლე რომ გითხრათ. ივანიშვილს აქვს იმის საშუალება, რომ კონკრეტული ეკონომიკური ძვრები შექმნას. რასაც მე ვაკვირდები, მისი ბიზნესი საქართველოში, ეს არის მშენებლობა იმ შენობების, რომელთა დანიშნულება არის ძირითადად ტურისტზე გათვლილი. გასაგებად რომ ავხსნა, მაგალითად რომელიმე ამერიკული კორპორაციის ქარხანა რომ გაეკეთებინა და უბრალოდ ქართველებს ქანჩები მოეჭირათ აქ, აი, ამ ტიპის ქარხანა რომ გაეკეთებინა, ამის ეფექტი იქნებოდა ათასჯერ მეტი, ვიდრე მთელი მთავრობისა და გახარიას მცდელობა. საქართველოს უბედურება, მთელი ისტორიის მანძილზე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არ ჰყოლია, არადა პირველი ფიგურა უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავამ, რომელიც ჩემი დროის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თქვა, რომ უი, შანსი გაგვიჩნდა ეხლაო, რომ ჩინეთიდან გადიან ამერიკული კორპორაციები და ისინი აქ შემოვიყვანოთო. აქ ვერავინ ვერ შემოიყვანს ვერც ერთ კორპორაციას იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენ არც გვაქვს არც ჩინური კვალიფიკაცია, არც ჩინური მუყაითობა. ამას უნდა პროტექციონიზმი, არამარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ცალკეული ინვესტორების მხრიდან, რომლებიც პირადი ურთიერთობების, ან საკუთარი ფულის გარისკვით ჩადგებიან, ასე ვთქვათ, თავდებად.
– თქვენ რომ ინვესტორი იყოთ, იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობასაც ცალკე ევროპარლამენტარები ლანძღავენ და ცალკე ამერიკელი სენატორები ეძახიან გადამგდებს – ჩადებდით ფულს?
– არა! ხოდა, მაგას ვამბობ, ვინ არის ასეთი კაცი, რომელიც შეიძლება გარანტია იყოს? ასეთი კაცი არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ მას აქვს იმდენი ფული, რომ შეუძლია მსხვილი ბიზნესის დაწყება და მხოლოდ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოა ბიზნესის კეთება საქართველოში… შენ რომ ივანიშვილი ხარ და ბიზნესში ფულს არ დებ, რასაც ბიზნესი და წარმოება ჰქვია, სხვა ინვესტორი არავინ ჩადებს. არავინ შემოვა და არაფერს გააკეთებს.
– როგორ მოიშორებს ივანიშვილი „გადამგდების“ სახელს?
– ყველა სახელს ეშველება, თუ საქმეს გააკეთებ. პოლიტიკური ფიგურები ვიცით, რომლებსაც უარესი სახელები ჰქონიათ, მაგრამ როცა ოპოზიციაში გადადიან და ვიღაცის გვერდზე დგებიან, მერე სახელები ყველას ეცვლება და მისაღები ხდება.
– მაშინ ასე გკითხავთ, გამოდის, შესაძლებელია, სააკაშვილის პოლიტიკურმა სახელმაც განიცადოს რეინკარნაცია?
– სააკაშვილს მინიმუმ 600 000 კაცში, რეინკარნაცია კი არ აქვს და ღმერთად ჰყავთ აღიარებული და რაზეა საუბარი? 600 000 ადამიანი საქართველოში აღმერთებს სააკაშვილს.
– 600 000-ს ჩვენ ვამბობთ, მაგრამ ხელისუფლება გვისწორებს, „ოცნება“ გვეუბნება, თქვენ გეშლებათ და 800 000 მომხრე ჰყავსო…
– მით უმეტეს, მით უარეს…
– თქვენ წერდით, რომ თუ ასე გაგრძელდა, აღარ იქნება პოლიტპატიმარი, მაგრამ იქნება ბევრი პატიმარი – გულისხმობდით, რომ დანაშაულისკენ შეიძლება წავიდეს ეს ხელისუფლება და კონკრეტული დანაშაულის გამო აღმოჩნდეს ციხეში?
– არა, მე ვფიქრობ, რომ როგორც სააკაშვილმა გააკეთა თავის დროზე, ის შეიძლება მოხდეს – სააკაშვილს ხომ ჰყავდა ბევრი პატიმარი და არ ჰყავდა პოლიტპატიმარი, აი, სამწუხაროდ, მობრუნდება რევანშისტულად განწყობილი ჯგუფი და არ დაელოდება დროის გასვლას, არ დაელოდება სხვა მიზეზს დასაჭერად, პირდაპირ დაიჭერს ბევრს და არ ეყოლებათ პოლიტპატიმრები და ეყოლებათ პატიმრები – შესაბამისად დასავლეთიც ხმას არ გაიღებს ამ თემაზე.
თამო კეშელავა
ალია №17
კომენტარები