სამი პოლიტიკური გაერთიანების – კოალიცია “ცვლილებებისთვის”, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” და კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დახურულ კარს მიღმა აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კუპრაძემ სამი ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი განცხადება გააჟღერა. ხელისუფლების ოპონენტები “ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში 14 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ”.
ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად მოაწყო კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ტერორი, ღია რეპრესიები და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს.
მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად, ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა.
მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არცერთი მოძალადე უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას გიხდით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო და არც ჩვენ ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.
შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი, ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კომენტარები