გუშინ ბათუმში მოქალაქეების დაკავების ოპერაციაში უშუალოდ აჭარის პოლიციის ორი მაღალჩინოსანი გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და არაფრის გამო აკავებდნენ. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
ჩვენ გავხდით იმის თვითმხილველები თუ როგორ ბანდიტურად იქცევიან პოლიციის მუშაკები. ნაცვლად იმისა, რომ ამშვიდებდნენ სიტუაციას, ჰყავთ რაღაც ჯგიფები, რომლებიც პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი ქცევებით ადამიანებს აკარგვინებენ წონასწორობას და შემდეგ მათ აკავებენ. განსაკუთრებით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე მეტად არაპოლიციურად იქცევა. ეს არის პოლიციელის და ქუჩის ბიჭის ნაზავი ბანდიტის უნარებით, რომელიც უსაშველოდ შეურაცხმყოფელად იგინება, – ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ყვება, რომ მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სამართალდამცველებს კითხვა ნიღბებთან დაკავშირებით დაუსვა. ქალს აინტერესებდა, რას ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ პოლიციელები ნიღბებში იყვნენ.
ჯებირთან ახლოს, გაფრთხილების გარეშე დამაკავეს. არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ, ვიდეოს ვიღებდი. კვლავ ორმაგი სტანდარტი, ორ პოლიციელს ეკეთა ნიღაბი და ჩვენს კანონმდებლობაში, როგორც უკვე ვიცით, შეიტანეს ის, რომ ნიღბის, შლემის ტარება უკვე აკრძალულია და მე უბრალოდ, ერთ-ერთ მილიციელს ვკითხე, „გცივათ?“ პასუხი არ იყო და ირაკლი დგებუაძე გამოვიდა და „მოდი< დავაკავოთ ეს *.. ქალაო“ და წამიყვანა. ირაკლი დგებუაძე არ დამავიწყდება შენი სიტყვები, როცა მითხარი, რომ „მოიკითხე შნირები შენს სანათესაოშიო“, – ამბობს დაკავებული ქალი.
დაკავებულებს შორის არის 17 წლის გოგონაც, რომელიც ყვება, რომ მას მშობელთან კომუნიკაციის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.
კითხვა დავსვი და უბრალოდ, ჩამათრია 10 პოლიცილმა ერთად. „რატომ დააკავეს ჩემი მეგობრები“- მეთქი. „ვერ გაგცემთ პასუხსო“ და „რატომ“-მეთქი და უცებ, „ეს დაიჭირეთო“ და 15 პოლიციელი ჩამაფრინდა. მშობელთან კომუნიკაცია არ მქონდა, რაც დამაკავეს, იმას ვეხვეწებოდი, რომ დამალაპარაკეთ ჩემს მეურვეს, დედას-თქო და ბოლოს, არასამთავრობო რომ მოვიდა, მაგის მერე იყო უკვე მშობელთან კომუნიკაცია, – ამბობს 17 წლის გოგო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ბათუმში პოლიციამ მოულოდნელად დაკავებები დაიწყო. დაკავებულები არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან, მათ შორის საკრებულს დეპუტატიც. აქციაზე დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.
კომენტარები