– თაგვო, შენი კბილი მე, ჩემი კბილი შენ, – ამ სიტყვებით ვის გადაუგდია კბილი ბავშვობაში? – მე კი. მერე, საღამოობით, ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, იმ საწყალ თაგუნიაზე, რომელიც ჩემი გამონაცვალი, გაფუჭებული კბილით დადიოდა სადღაც, ვეღარ ღრღნიდა და აქუცმაცებდა საკვებს. ახალწამოსულ კბილს კი, ხშირ–ხშირად ვსინჯავდი, ხომ იზრდებოდა, თაგვის კბილის ზომის ხომ არ იქნებოდა. ალბათ, ამიტომაც ვტეხდით კბილებით თხილს და ნიგოზს 90–იანი წლების ბავშვები, რომ გვეგონა, თაგვის კბილებით დავდიოდით მართლაც.
მოგვიანებით გავიგე, რომ ბევრად ჰუმანური და მომგებიანი გზაც არსებობს და თურმე, არსებობს კბილის ფერია, რომელსაც ამ შენს გაფუჭებულ კბილს მიჰყიდი, სანაცვლოდ კი, საჩუქარს ან ფულს დაგახვედრებს ბალიშის ქვეშ და გამძლე კბილებსაც გაჩუქებს. სამწუხაროდ, უკვე დიდი ვიყავი და სარძევე კბილები აღარ მქონდა.
– ოჰ, სად იყო ჩემს ბავშვობაში სტომატოლოგი, ყველა თავისით იღებდა კბილს, – ახლაც ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს და ჯერ არ მახსოვს, იმათ, თავისით რომ იღებდნენ კბილს და დაბჟებას, შენარჩუნებას არ ცდილობდნენ, კბილები კარგ მდგომარეობაში ჰქონოდეთ.
7 მითი სარძევე კბილებზე:
1. ხშირად თვლიან, რომ სარძევე კბილები, რაკი მაინც მოსაცვლელია, ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და მუდმივე კბილებზე, ან ყბის ძვლის ნორმალურ განვითარებაზე ის გავლენას ვერ მოახდენს.
სიმართლე ისაა, რომ სარძევე კბილები სწორედაც რომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. კბილების გახეხვა რომ უნდა ვასწავლოთ პატარებს, ეს ისედაც ცხადია, თუნდაც იმიტომ, რომ ჰიგიენის ჩვევა ჩამოუყალიბდეთ. ხშირად სარძევე კბილის დაკარგვა ბუნებრივი პროცესია, ყბის ძვლის ნორმალურ განვითარების და მუდმივი კბილების ამოსვლის თანმდევია. თუმცა, თუ სარძევე კბილს კარიესი გაუჩნდა, სტომატოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადადოს მშობელმა, რადგან სარძევე კბილების კარიესს გართულება ახლავს ხოლმე, მის გარშემო არსებული ქსოვილების ინფიცირება, მუდმივი კბილების ჩანასახების დაზიანება, ან მისი განვითარების ანომალია – რამაც შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა.
დაიმახსოვრე – სარძევზე კბილებზე კარიესი ბევრად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მუდმივზე, ამიტომ, ერთი დღითაც არ გადადო პროფესიონალთან ვიზიტი.
შესაბამისად, მშობელმა განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს შვილის სარძევე კბილების სიჯანსაღეზე.
2. მეორე მითი, სარძევე კბილის ამოღებას ეხება – მშობელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ კბილის ამოღება, რომელიც ირყევა, ან რომელიც მუდმივი არაა, განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. არადა, სარძევე კბილს განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს და არასწორად ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს მუდმივი კბილის ჩანასახი.
3. ზოგი ფიქრობს, რომ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი.
მოკლედ ვიტყვი, რომ ეს ტყუილია – აქვს.
4. ასეთივე შეცდომაა, როცა თვლიან, რომ სარძევე კბილს არ აქვს ნერვი.
5. მითია ისიც, რომ საწოვარა წლობით შეიძლება გამოიყენოს პატარამ – ერთი წლის ასაკის შემდეგ ნებისმიერი საწოვარა ხელს უშლის სტომატოლოგიური აპარატის განვითარებას. ერთი წლის ასაკის შემდეგ ცერა თითის წოვა, საწოვარა და სხვა ყველაფერი მსგავსი გამოიწვევს ყბების არასწორ ფორმირებას
6. სარძევე კბილებს გახეხვა არ სჭირდება – ეს ტყუილია. სარძევე კბილები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს! აუცილებლად, ამოსვლის მომენტიდან.
7. და ბოლოს, კიდევ ერთი გავრცელებული მითია, რომ სარძევე კბილების ამოსვლას ყოველთვის ახლავს თან ჯანმრთელობის პრობლემები, ტემპერატურის მატება, შფოთვა, ტირილი და კუჭის მოქმედების დარღვევა. უმეტესად, კბილები შეუმჩნევლად ამოდის ხოლმე, ფიზიოლოგიურად ახლავს სისუსტე, ძილის დარღვევა, რაც თავის მხრივ იწვევს გაღიზიანებას, უმიზეზოდ ტირილს და მცირედით, ტემპერატურის მატებასაც, რაც სხეულის რეაგირებაა კბილის ამოსვლით გამოწვეულ სტრესზე, მაგრამ ეს სიმპტომები გრძელდება 2–4 დღე და შემდეგ ქრება. ამიტომ, თუ ეს სიმპტომები დიდხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა და კუჭის მოქმედების დარღვევა, აუცილებლად მიმართე პედიატრს, რადგან შესაძლოა, კბილის ამოსვლას რომელიმე დაავადება დაემთხვა და არ უნდა გამოგეპაროს.
ტკბილი, ტკბილი, ტკბილი და ტკბილი
დაიმახსოვრე – ტკბილი მარგებელია ძილი, კიდევ – მოგონებები…
ხშირად, როცა სტუმრად მიდიან იქ, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ, მარტივად წყვეტენ პრობლემას, რა წაიღონ საჩუქრად: შოკოლადები, წვენები, ნაყინი, თუ ეცოტავათ, დაამატებენ ისევ შოკოლადებს, ნაყინს და ისევ წვენებს.
ანუ, მიაქვთ ყველაფერი ის, რაშიც არის შაქარი, რაღაცასთან ერთად.
ჩემს შვილს, ამ კუთხით, „მძიმე ბავშვობა“ ჰქონდა, 4 წლამდე ეგონა, რომ შოკოლადი, ჯერ უნდა მოვამზადო და ამიტომ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით ვერ მიიღებს. ერთხელაც, სტუმრად ვიყავით და ყვირილით მოვარდა, ბავშვები მოიწამლებიან, პირდაპირ იღებენ შეფუთვიდან, მოუხარშავად ჭამენ შოკოლადებს და ვეუბნები, რომ არ შეიძლება, მაგრამ არ მისმენენო.
მართალი ვიყავი მე, როგორც დედა, თუ არა? – ცხადია, არა, რადგან, ტყუილს არ აქვს გამართლება და ჩემი ეს ერთადერთი ტყუილი დღემდე მწარედ მახსოვს. დღეს უკვე ვიცი, რომ სჯობდა, ამეხსნა, რატომ ვაძლევ იშვიათად ტკბილეულს, გაიგებდა. აკრძალვას და ტყუილს ყოველთვის უკუეფექტი მოაქვს. საუკეთესო მეთოდი მაინც მაგალითის ძალაა. აჩვენე საკუთარ მაგალითზე, როგორ უფრთხილდები ჯანმრთელობას და კბილებს და დროთა განმავლობაში მასაც ჩვევად ჩამოუყალიბდება.
პირველი და მთავარი რჩევა კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სწორედ ესაა, ტკბილი მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით და ყოველი კვების შემდეგ, კბილების გაწმენდა.
პირველი ვიზიტი
მე მახსოვს როდის ვიყავი პირველად სტომატოლოგთან, 23 წლის ვიყავი. კარგია ეს? – ცხადია, არა.
რეალურად, პირველი სტომატოლოგიური შემოწმება საჭიროა კბილების ამოსვლიდან 6 თვეში. ალბათ, გაიფიქრებთ, რაში სჭირდება 6 თვის სარძევე კბილს ექიმი, ხომ?
სარძევე კბილები კი დროებითია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიოლოგიურ განვითარებაში. ისინი ხელს უწყობენ ღეჭვის ფუნქციის სწორად განვითარებას, ლაპარაკის დროულად და სწორად დაწყებად, მუდმივი კბილების სწორი პოზიციით ჩამოყალიბებას.
რა შეიძლება სჭირდეს 6 თვის სარძევე კბილს? – კარიესი, არასწორი თანკბილვა, ღრძილების დაავადების ადრეული ნიშნები. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგები პირველ ვიზიტზე აფასებენ რისკ–ფაქტორებს, ამოწმებენ, ხომ არ გვხვდება პირის ღრუში სხვადასხვა ინფექციების პირველადი ნიშნები, გამოიკითხავენ ჩვევებზეც, მაგალითად, ხომ არ აგრძელებს ერთი წლის ასაკის შემდეგ თითის ან საწოვარას წოვას. მისცემენ მშობლებს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ, თავიდან ააცილონ პატარას სტომატოლოგიური პრობლემები.
შეიძლება, თუ არა, სარძევე კბილების წმენდა? – დიახ, ნაზი წმენდა, კბილებიდან ნადების მოშორება და გაპრიალება სპეციალური საშუალებებით რეკომენდირებულია.
ბავშვთა სტომატოლოგი მშობელს პატარების პირის ღრუს მოვლის შესახებ მისცემს რეკომენდაციებს, ასწავლის, მათ შორის, კბილების ამოსვლამდე ღრძილების სწორად დამუშავებას და ნადების მოშორებას.
გეშინია სტომატოლოგის?
თუ პასუხი დადებითია, ეცადე ეს შიში არ გადადო ბავშვს. თუ შეატყობ, რომ პატარა მაინც ნერვიულობს, ეცადე, მარტივი, გასაგები ენით აუხსნა, როგორი უმტკივნეულო პროცედურა ელის სტომატოლოგის კაბინეტში. არ ჩათვალო, რომ უბრალოდ, იძულებით, ხელში აყვანილს, ატირებულს შეიყვან ექიმის კაბინეტში და რა მოხდა, სანამ იტირებს, სტომატოლოგი დაუთვალიერებს პირის ღრუს. მნიშვნელოვანია, რომ შიში, უნდობლობა, უსიამოვნო ასოციაცია არ დარჩეს სტომატოლოგიის მიმართ.
ეთამაშე პირველ ვიზიტამდე სტომატოლოგობა სახლში, ცხადია, არა ბრტყელტუჩათი, მით უფრო, რომ მსგავსი ტიპის იარაღები, ნამდვილად არ გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში, საშუალება მიეცი, ცოტა ხანს ის იყოს „სტომატოლოგი“ და პირის ღრუ დაგითვალიეროს.
თუ საყვარელი სათამაშო აქვს, დაე, თან წაიღოს პირველ ვიზიტზე, ნაცნობი ნივთი, უცხოობის შეგრძნებას გაუქრობს.
სწორად შერჩეული სტომატოლოგი, გარდა პროფესიონალური რჩევებისა, ბავშვს სასიამოვნო განწყობას, პოზიტიურ გამოცილებას შესძენს. თორემ, ვაღიაროთ, რამდენჯერ კბილის ტკივილი გაგვიყუჩებია ღამით და სტომატოლოგთან არ წავსულვართ დილით?
სად შევარჩიო სტომატოლოგი და სტომატოლოგიური
კლინიკა თბილისში?
კი, მათი შერჩევა უფრო და უფრო რთული ხდება, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ კარგი სტომატოლოგი რთული საპოვნელია, იმიტომ, რომ მეტი და მეტი კარგი სტომატოლოგიური კლინიკა გვხვდება. და მაინც, სად უნდა შეარჩიოთ, თუ არა იქ, სადაც სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური კლინიკების განცხადებები ერთადაა თავმოყრილი?
მაგალითად, თმის საღებავს როგორ არჩევ? – მიდიხარ და თაროებს გადმოყრით, თუ კატალოგს აიღებ და იმის მიხედვით?
და საათს? – არც მაგას არჩევ კატალოგის მიხედვით? – თუ კი, ასეა კლინიკებიც და თუ არა, რატომ არა?
ხოდა, სტომატოლოგი და სტომატოლოგიური კლინიკებიც თბილისში უნდა აარჩიო, ცხადია, მათ კატალოგში, ანუ იმ საიტზე, სადაც მათი ყველაზე ბევრი განცხადებაა განთავსებული.
რა ნიშნით ავარჩიო ბავშვთა სტომატოლოგი?
ფეხის ზომა, თვალის ფერი და ზოდიაქოს ნიშანი აქ არ გამოგადგება. პირველი, რაც უნდა მოიკითხო, ჰყავს თუ არა ბავშვთა სტომატოლოგი კლინიკას, შემდეგ, აქვს თუ არა შესაფერისი საბავშვო კუთხე, ან კაბინეტი და მესამე ნაბიჯია, პირველ ვიზიტამდე, უბრალოდ, გაისეირნო პატარასთან ერთად და პირადად გაიცნო, დაეკონტაქტო 5 წუთით მაინც, ამ გზით, პირველ ვიზიტზე, უკვე უცნობ გარემოში არ შეაბიჯებს ბავშვი და თან, იმასაც მიხვდები, კომუნიკაციას რამდენად კარგად ახერხებ ამ კონკრეტულ ექიმთან.
(R)
კომენტარები