საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები