როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა რომ ქართული ჯარი იმ კომპანიის დახმარებით გამოკვებოს, რომლის 50 პროცენტის მფლობელი, რუსეთის მოქალქეა.
ფაქტი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2020 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი ძალოვანი სტრუქტურებისთვის დარბილებული ღორის ხორცის შესყიდვის შესახებ.
ტენდერით გათვალისწინებული საწყისი თანხა იყო 900,000 ლარი.
ამ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – ჰელსი ფუდ-მა მიიღო და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.
შპს ჰელსი ფუდმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ქართული ჯარის დარბილებული ღორის ხორცით მომარაგება 882,000 ლარად შესთავაზა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ჰელსი ფუდმა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს, თბილისში, სენაკში, ოლფოლოში, თელავში, საჩხერესა და სხვა ქალაქებში, ჯამში 60,000 კილო დარბილებული ღორის ხორცი უნდა მიაწოდოს.
მნიშვნელოვანი გარემოებები: ნებისმიერი სახის შესყიდვა, თავდაცვის სამინისტროში სენსიტიური და განსაკუთრებულად ფრთხილი თემაა, რადგან საქმე შეიარაღებულ ძალებს, სამხედროებს ეხებათ.
ცხადია, რუსეთში ბევრი ღირსეული ქართველი და საქართველოს პატრიოტი ცხოვრობს, თუმცა, ვინაიდან ეს ქვეყანა ოკუპანტია, მასთან დაკავშირებული პირის მიერ ჯარის გამოკვების თემა, მინიმუმ გადამოწმების საგანი უნდა გახდეს.
ამიტომ, მსგავსი კონტრაქტი, თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის მიერ მასალების შესწავლის შემდეგ ფორმდება. მანამდე კი, მოწმდება კომპანია და რისკები, მაგალითად, ჯარის მოწამვლის თაობაზე, რაც ერთხელ უკვე მოხდა – ქართული ოცნების მინისტრ ალასანიას უპასუხისმგებლობის გამო.
თუმცა, როგორც ჩანს, ის რომ ჰელსი ფუდის 50 პროცენტის მფლობელი ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეა, სულაც არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება ამ კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.
P.S: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ჰელსი ფუდს ორი მესაკუთრე ჰყავს:
იამზე თალაკვაძე – 50 პროცენტი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ზაალი ილიაევი.
ამ კომპანიის სახელით მათ საკმაოდ სოლიდური ტენდერები აქვთ მოგებული (რომელთა ღირებულების ჯამი რამდენიმე მილიონია) ძირითადად სკოლებისა და ბაღების კვებასთან დაკავშირებით.
თალაკვაძე და ილიაევი ერთობლივად კიდევ ერთ კომპანიას – სანდო ჯგუფს ფლობენ, რომლის მეშვეობითაც მათ დამატებით 4 ტენდერი მოიგეს.
პრესა.ჯი
“ალია” – შეგახსენებთ, ჰელსი ფუდსი პირველად არ მოხვდა ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ:
ღარიბაშვილის მითითებით 16 აპრილს, აღდგომამდე 3 დღით ადრე 68 000 ლარის ბატკნის ხორცი გამარტივებული წესით შეისყიდეს. არადა უწყებას პასკები და კვერცხები უკვე მომარაგებული და შესყიდული ჰქონდა სტანდარტული ტენდერებით.
3 000 კილოგრამი ბატკნის ხორცი თავდაცვის სამინისტროს კომპანია „ჰელსი ფუდმა“ მიაწოდა, თავისივე ფერმიდან და თავისივე სასაკლაოდან. კომპანიას ორი თანაბარი მეწილე ჰყავს – გენადი ხოშებაევი და იამზე თალაკვაძე.
1558 ლარი დაკონსერვებულ ტყემალში გადაიხადა მაშინ ღარიბაშვილმა.
ტყემლით შეკმაზული ჩაქაფული ერთადერთი აღმოჩნდა, რისი შეთავაზებაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯარიკაცებითვის შეძლო. იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც თითქმის სამი თვე, ყაზარმული დღის წესრიგით ცხოვრობდნენ.
როგორც ახლა გავიგეთ, არა მხოლოდ ტენდერს იგებს აღნიშნული კომპანია, არამედ მისგან პირდაპირი შესყიდვითაც ვყიდულობთ პროდუქციას.
კომენტარები