ჩემი პირველი მანქანა ცოტა უცნაურად ვიყიდე. ვაგროვებდი მანქანის ფულს, მერსედესი მინდოდა, ცოტა ძველი მოდელი, ცხადია. რაც მინდოდა, ის მოდელი დაახლოებით 3 000 დოლარი ღირდა. 1300 დოლარი მქონდა როცა თავს უფლება მივეცი, მანქანის ფერი შემერჩია. შავი მინდოდა, მაგრამ შავი სულ უნდა რეცხოო და ზაფხულში კიდევ ხო და ზამთარში, ცოტა მცივანა ხომ არა ვარ? ნაცრისფერი მირჩიეს, მაგრამ ნაცრისფერმა მანქანამ ნაცრისფერი ცხოვრება არ დამიბედოს შემეშინდა და გადავწყვიტე, დამეთვალიერებია თეთრი ფერის მოდელები, თან, იქნება, თეთრი სადედოფლო კაბა და გათხოვება დამიბედოს, ვიფიქრე.
უცებ ვხედავ, ის მოდელი რომელიც მე მინდა 2100 დოლარად იყიდება. 100 დოლარი უნდა დააკლოს, რაკი 2100 დოლარი აწერია, რჩება 2 000 დოლარი, მაქვს 1300, მინდა 700 დოლარი და 1300 დოლარს თუ წელიწადნახევარი ვაგროვებდი, 700 დოლარს ავაგროვებ 10 თვეში, ათ თვეს ვინ დამელოდება?
–რა შეიძლება, აბა, რა შეიძლება კაცს უთხრა ისეთი, რომ ათ თვეს დაგელოდოს? რაღაც ხომ უნდა არსებობდეს? – დავიწყე ბოლთის ცემა.
–იქნებ დაიკლო ფასმა? მაგალითად, გუშინს მერე? თუ გუშინს მერე ამ მოდელზე 1000 დოლარით დაიკლო ფასმა, 10 თვეში პრაქტიკულად უნდა მაჩუქონ, გამოდის… არა, რა დაიკლო, იაფად ყიდის. ღმერთო, ხომ ყველაფერს იაფად ვყიდულობდი ეს წელიწადნახევარი, გახსოვს, ერთხელ, ზეთი რომ 2 ლარით ნაკლებად მეყიდა, პარკებით ხელში ვიარე ლამის კილომეტრი. რაღა ახლა იყიდება ეს ასე იაფად? – უკვე ხმამაღლა ვფიქრობ.
–მოდი, დავრეკავ, ეს განცხადება მთელი 45 წუთია დევს, უკვე გაიყიდებოდა, მეტყვიან, რომ გაიყიდა და ხომ დავისვენემ.
დავრეკე და გამორთულია ნომერი.
–ხომ ვამბობდი, გაყიდა. დამასწრო ვიღაცამ, რაღა ვიღაცამ, ვიცი ვინც, იმან, ვინც ჩემზე 10 თვით ადრე დაიწყო ფულის შეგროვება.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამძარცვეს, რაღაც წამართვეს, რაღაც ძალიან ჩემი. ახლა ჩემი ქართულის, მანანა მასწავლებელი რომ მისმენდეს, ხომ მეტყოდა, რა არის ეს „ძალიან ჩემი“, შენი ხომ ისედაც შენია, რაც შენია, ის როგორ შეიძლება ძალიან ან ნაკლებად შენი იყოს?
უცხო ნომრიდან ზარია, – მირეკავდითო, მანქანის გამო ხომ არაო?
–ააა, ჯერ ხომ ასე იაფად დადო მანქანა, მერე ხომ გაყიდა 15 წუთში და ახლა მირეკავს, რომ შემახარბოს. ვახ, ბიჭოს, არა, იყიდება ისევო.
არადა, მზად მაქვს პასუხი, რომ აი, რა საწყენია, გაიყიდა, თორემ, აგერ, ა, უჯრაში მიდევს 3000 დოლარი და ახლა ეგ 2 000 დოლარი ჩემთვის რაღაა. ტონიც შესაბამისი მაქვს მომზადებული, სადღაც უკადრისობასა და თავგასულობას შორის…
–ბოლო ფასი რამდენია?
–იცით, 2 100 დოლარი დავაწერე, რომ 100 დოლარი დავაკლო, მაგრამ ქვეყნიდან მივდივარ და 1500 დოლარად შემიძლია მოგცეთ, თუ ხვალვე იყიდით.
მინდოდა გამეთიშა და 112–ში დამერეკა, მკლავს, მიმეტებს ბოლომდე, ასეთებს უნდა იჭერდნენ სწორედაც. უკვე მხოლოდ 200 დოლარი მაკლდება, 200 დოლარს ავაგროვებ 3 თვეში, ხვალო. მეორეს მხრივ, მე ხომ ჯერ დაკლება არც მითხოვია? თავად თქვა 1500 დოლარი და რა მოხდება ამ ახალი ფასიდან რომ ვევაჭრო?
კარგი, ხო, ვიცი, უხერხული იყო დაკლებაზე საუბარი, მაგრამ მითხარი, შენ, ვინც ახლა ეგ გაიფიქრე, მომცემდი მაგ 200 დოლარს? არ მომცემდი და სხვა გზა არ მქონდა. 200 დოლარი არ დამიკლო, მაგრამ 100 დოლარი დამიკლო. ოღონდ, დილით მოდიხარ, იფორმებ და მიგყავსოო.
ერთი მეგობარი მყავს, ამერიკაში ცხოვრობს, ძალიან კარგი ადამიანია, ოღონდ, ჯერ არ მსმენია ვინმესთვის რამე მიეცეს. ვიფიქრე, სესხად მეთხოვა. გაჩუქებო, მე არ მოვკვდე, ბიჭმა, რომელიც არავის არაფერს ჩუქნის, 100 დოლარს გაჩუქებო. ძაან შემეშინდა. მანქანაზე რომ არ მითხოვია ისე დამიკლეს, ამან გაჩუქებო, იქნება მოვკვდი?
მოგატყუებდით, რომ ვიჩქმიტე და დამილურჯდა, მაგრამ არ მიჩქმეტია. ბანკმა იჩქმიტოს, ახლა რომ 100 დოლარი დამერიცხება, ბანკმა ინერვიულოს, საიდან გაუჩნდა ეს 100 დოლარი, თან პირდაპირ მანჰეტენიდანო.
მოკლედ, მაქვს უკვე 1400 დოლარი, რა 1400 დოლარი, მანქანა მაქვს, ხალხო, მერსედესი, თეთრი, გაწკრიალებული.
–ჰა? რა გაწკრიალებული? გაწკრიალებული თუა რატომ დააკლო იმდენი ერთბაშად? მაგას მოტორი ექნება ჩაჟანგებული, აუ, რა გარბენი ექნება, წარმოგიდგენია? თუ არადა, აბა, რატომ დააკლო? გამაბრიყვა და „მატენის“. ეგ შეიძლება არც დაიქოქოს და მეტყვის, აბა, 1400 დოლარად კიდეც უნდა იქოქებოდესო? – მელაპარაკება ჩემი ეშმაკი.
დაიქოქა, გარბენი სასაცილოდ დაბალი. ერთი პატარა პრობლემა აქვსო და ე, ეგაა, ასე იწყება ხოლმე, ახლა იტყვის, რომ რაღაცა ჩაშლილი აქვს, რომ ყოველ 100 მეტრში ჩერდება და… სალონში, ნათურაა გადამწვარიო.
იქ მეორედ მომინდა 112–ში დამერეკა, ასეთებს სასამართლოს გარეშე უნდა სვამდნენ ციხეში, ისე თვალისდაუხამხამებლად გკლავენ უმანკო სახით…
10 ლარამდე დამიჯდა მაგ ნათურის გამოცვლა სხვათა შორის. მეგობარმა ჩამისვა.
გავიდა რამდენიმე თვე, უკვე გამიარა შიშმა, რომელიც ძილშიც მაღვიძებდა: – რატომ დამიკლო, აბა, რატომ დამიკლო, – რომ ერთხელაც, მოსახვევში რაღაცა ხმა გაისმა და გაჩერდა. დავიღუპე, ხომ ვამბობდი, მოტორი ექნებოდა ჩამპალი.
უკვე აზროვნების თავიც აღარ მქონდა. ცივა, ღამეა.
დავურეკე მეგობარს, მოვუყევი და ეგა ყუმბარა იქნება უეჭველიო. ვინც მანქანის ნაწილს ყუმბარა დაარქვა, აი, ეგაც უნდა დაიჭირო, გამისკდა გული, სანამ გავიგე, რომ ნაწილია.
-ახლა შენ გჭირდება ევაკუატორიო, ამიტომ ჩემთან გამოდიო, მეგობარმა. წავედი. არ ვიცი, როდის იყიდა ევაკუატორი, მაგრამ რაკი თქვა გამოდიო, ალბათ, აქვს, ან მეზობელს ექნება. მივედი და შენ დაჯექი, დაისვენე, ყავა დალიე თბილად და თან ტელეფონით ევაკუტორს მოვძებნიო. თუ ტელეფონით უნდა გვეპოვნა, რატომ გამიყვანა? – ყავა რომ დაგელიაო.
სადღაც შევიდა, რაღაცეები წაიკითხა, არც მესმოდა, მე იქ ვიყავი, ჩემს საწყალ მანქანასთან ფიქრებით, ხომ კარგ ადგილას დამაყენებინეს იმ ბიჭებმა?
პირველივე დარეკვაზე იპოვა საჭირო ევაკუატორი. ღამის პირველი საათი კი ხდება და 15 წუთში ვიქნებიო. ჩემმა მეგობარმა, იმ თავისი მწყაზარი ხმით, იცით, მანქანასთან არაა მეპატრონე, ჩემთანაა სტუმრადო და იმ ბიჭმაც, მოვაკითხავ და წავიყვან მანქანამდე, მისამართი მომწერეთო.
მომაკითხა მართლაც, მისულნი არ ვიყავით ჩემს მანქანასთან, ვიღაცამ დაურეკა, ევაკუატორი მჭირდება, ახალნაყიდ მანქანაზე ბორბალი გამისკდაო, ეს ეუბნება, ჯერ შეკვეთა მაქვს, არ მეცლება უახლოესი ერთი საათიო და ის პასუხობს, სულ ახალთახალია, სამი დღის წინ გამოვიყვანე სალონიდან 35 000 დოლარი გადავიხადეო, ევაკუატორის მძღოლი უხსნის, ჯერ საბურთალოზე მაქვს მანქანა გასატანიო და იმან, მინის ნამსხვრევს რა უნდოდა ქუჩაშიო? იმას ჩემზე მეტად ჰქონდა გაჭედილი აშკარად. ჩემს 1400 დოლარიან კი მოჰყვა მარაგში მეხუთე ბორბალი და ცოტა არ იყოს, გავიჯგიმე.
ვერ წარმოიდგინეთ, როგორ ვნერვიულობდი, მანქანას არაფერი დაშავებოდა ევაკუატორზე დადებისას, ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ ვუთხრა ყუმბარა აქვს დაზიანებული და ფრთხილად აწიე, არ აფეთქდეს–თქო…
ისე სწრაფად, კოხტად დასვა მანქანა ევაკუატორის ძარაზე, პირი კი ღია მქონდა, რომ უცებ მეყვირა, თუ რამე, მაგრამ წუნი ვერ ვუპოვე. ადგილზეც ასევე გადმოიღო ძარიდან. მათქმევინე რა ადამიანო, ცოტა საყვედური, დამაცლევინე ეს ნერვიულობით გაბერილი სისხლძარღვები – მაგრამ, არა.
სხვათა შორის, საკმაოდ იაფადაც მომესახურა. ვკითხე და ფასი დამოკიდებულია სამუშაოს სირთულზე და მანძილზეო.
ყუმბარა? – მეორე დილითვე გამოვცვალე, ბარემ რომ მოვისვენო და გამოვიძინო, სრული დიაგნოსტირება ჩავუტარე, ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს.
რომ მოვფერიანდი და მოვედი ხასიათზე, მეგობარს დავურეკე, იმ კარგი ბიჭის ნომერი მომეცი, წუხელ რომ გამოვიძახეთ, რა ვიცი, როდის დამჭირდეს, ვის დასჭირდეს კიდევ, იყოს–თქო და დამცინა. იმ ბიჭის ნომერი კი არა, საიტის მისამართი გინდა, სადაც ევაკუატორების და მათი მძღოლების კატალოგია შექმნილი, ზოგი ღამის საათებში მუშაობს, ზოგი – დღის, სხვადასხვა ტიპის ევაკუატორებია სხვადასხვა შემთხვევებისთვის და რა იცი, აბა, შენ, წინასწარ როდის დაგჭირდება, რანაირი დაგჭირდება და საიტის მისამართი უნდა შეინახო ან დაიმახსოვროო. ასე ბანალურად, სულ რაღაც ერთი წესი ყოფილა, ერთი საიტი ყოფილა დასამახსოვრებელი.
რას აღარ მოიფიქრებენ, დაჯექი თბილად, სავარძელში, კაი, ზაფხულში, გრილად სარწეველა სავარძელში, აივანზე, ყავით ხელში, ჩასქროლე საიტი, აარჩიე, კომენტარებს გადახედე, გამოიძახე, მისვლაც არ გჭირდება, წაიღებენ, წამოიღებენ, თუ გინდა მიდი, კაი, თუ ჩემსავით ბედის უგემური ხარ, ადგილზეც დაელოდე… არა რა, ასეთ კომფორტს სპეციალური იგონებენ ხოლმე, რომ გულზე გაგხეთქონ, სპეციალურად გიმარტივებენ ცხოვრებას, რომ სანერვიულოდ მეტი დრო დაგრჩეს, ესენიც დასაჭერები არიან.
დამდეგ 8 მარტს გილოცავთ, გოგოებო.
(R)
კომენტარები