“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პარლამენტში მისულ პრემიერს და მმართველ გუნდს მიმართავს:
“მოვუწოდებ ყველას სერიოზულობისკენ, კარგია იუმორი, მაგრამ არა ახლა. მოგიწოდებთ უმრავლესობას, მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ და ტერმინოლოგია, რომლითაც ოპოზიციას მოიხსენიებთ შეცვალოთ, ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან მასკარადად. პოლიტიკური კლასი დაყავით გოიმებად და არაგოიმებად, ყველაზე დიდი გოიმობა მე მგონია, რომ ზუსტად ეს არის.
საერთად არ იყო დღეს პრემიერის მოსვლა პარლამენტში საჭირო, უკვე ისაუბრა ამომწურავად. ხვალ ჩვენმა პარტიამ რომ მოგიწვიოთ კიდევ უნდა მოხვიდეთ? მაგრამ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ, “ნაციონალური მოძრაობა” როცა მოგიწვევთ მაშინ უნდა მოხვიდეთ, კარგია, ასე გააგრძელეთ.
თქვენი თამაშები, თქვენი დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე, მერე ერთმანეთთან ჩახუტება და გარიგება და გადაგდება ქართველი ხალხის – აი, ეს არის თქვენი პროფესია. ვინ გითხრათ რომ ადამიანებს მარტო პური სჭირდებათ? – თუმცა, პურიც სასიცოცხლოა.
თქვენ, უმრავლესობამ ადამიანებს წაართვით სამართლიანობის რწმენა. ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ ხდება არც ერთ პარლამენტში, ზონდერი ბასიშვილი მიზის წინ და მერე რა მოხდა? – არაფერი არ მოხდა… რეზოლუციისთვის დაგეჭირათ მხარი, ახლა რომ ყვირიხართ, რომ ჯიგრები ხართ – ჯერ რა ტერმინოლოგიაა ეს…
იმიტომ არ გინდოდათ ეს რეზოლუცია, რომ გჭირდებათ ნაციონალური მოძრაობა, რომ მათ ფონზე გამოჩნდეთ უკეთესები და ვერ ჩანხართ უკეთესები, არ გამოიყურებით უკეთესად, ბევრ საკითხში იგივე გზა აირჩიეთ, რა გზითაც ისინი მიდიოდნენ, ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე არ გსიამოვნებთ.
როდესაც ლაპარაკობთ საპარლამენტო ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები, მე ვთვლი რომ “პარტიორტები” ვართ მხოლოდ ოპოზიცია პარლამენტში… დანარჩენები კი არიან კრიმინალური დაჯგუფებებია… და კიდევ, კი ბატონო, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, რომლებიც თქვენ პოლიტიკას გაემიჯნენ – არც ამისი მოსმენა არ გსიამოვნებთ, თქვენ გსიამოვნებთ მარტო ის, როცა გამოდიან და გაქებენ და არავინ არ გჭირდებათ, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო და ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში და არა ევროპაში.
დღეს რომ იმაზე ლაპარაკობთ რომ 55 პროცენტიანი რეიტინგი გაქვთ, თურმე, რა 55 პროცენტიანი რეიტინგი გაქვთ? არავითარი 55 პროცენტი თქვენ არა გაქვთ და ამის უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს და დავდებთ მალე. უკვე ჩანს რომ აპირებთ არჩევნების გაყალბებას და ცუდად დამთავრდება ეს თამაში ნაციონალურ მოძრაობასთან… თუ გგონიათ რომ ხალხი ამასაც გადაყლაპავს, ძალიან ცდებით…
გავწიოთ გვერდზე ტერმინები – გოიმი, ჯიგარი, ცირკი და ადამიანებზე ვიფიქროთ, ადამიანებს ძალიან უჭირთ, ისეთი მონაცემები მაქვს წამოღებული, ყველაფერი გაძვირდა, ცხოვრება ძალიან უჭირს ხალხს და პლიუს ამას უყურებს პარლამენტში, “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლს.”
კომენტარები