ლევან ბერიძეს, რომელიც დაახლოებით 10 დღეა ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილობრივი ზ.კ. სამართალდამცველს პოლიციის შენობაში გაუსწორდა. შემთხვევა 26 მაისს მოხდა.
44 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და უფროსს დაარტყა, სამართალდამცველებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყება. ის ადგილზე დააკავეს, ბრალდებულს, აახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დღეს, 29 მაისს განუსაზღვრა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ვალეში მცხოვრები, 44 წლის ზ.ლ.-მ 26 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, განყოფილების უფროსს კი ფიზიკურად გაუსწორდა, ლევან ბერიძეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
პროკურორის თქმით, პოლიციის უფროსი კედელს მიაჯახა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა.
ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას არ ეთანხმება. ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ დაკავებულს ინცინდენტის დეტალები არ ახსოვს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებული ადვოკატს მოუყვა, რომ სურდა პოლიციის უფროსი სახლში, სუფრაზე დაეპატიჟებინა და განყოფილებაში ამიტომ მივიდა.
თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, რატომ თქვა დაპირისპირებამდე ფრაზა: – “თქვენ გამიმწარეთ სიცოცხლე“
ბრალდებული აფხაზეთის ომის მონაწილეა.
გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.
კომენტარები