ხმაური საქალაქო სასამართლოში – რეჟიმის პატიმარი საკუთარი საქმის სანქცირებულ პროკურორს დაუპირისპირდა. ნიკა კაცია იმ კითხვებზე ითხოვდა პასუხს, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს. ამის გამო მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დარბაზიდან გაძევებით რამდენჯერმე დაემუქრება.
ნიკა კაციამ პროცესზე მოსამართლეს და პროკურორს შეახსენა, რომ ადამიანები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებში იღებენ მონაწილეობას, სანქცირებულები არიან. მან ასევე ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა. თქვა, რომ თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლია და ის, რაც სასამართლო პროცესებზე ხდება “ცირკი და ფსკერის ფსკერია”.
რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ტყუილი, მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს, ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული და მათ შორის და მაქსიმალურად დავიცვა ჩემი თავი. რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა… ნუ მაწყვეტინებთ… რა არის არაკორექტული, როდესაც თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ. ეს ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი და მე ამას ვუყურებ, მათ შორის, თქვენს პროცესებს. ყველა, ვინც მე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?, – უთხრა მოსამართლეს კაციამ.
დაცვის მხარე დღეს ითხოვდა, მტკიცებულებებს დაერთოს შაბათის ეთერის მიერ მომზადებული რეპორტაჟი და დაიკითხოს მისი ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა კაციას საქმიდან ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი გააქრო.
ამის საპირწონედ, ბრალდების მხარე დღეს ამტკიცებდა, რომ ტაქსის მძღოლის გამოკითხვა მნიშვნელოვანი არ არის.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელოს. (ტვპირველი)
კომენტარები