„ალიას“ ესაუბრება ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
-ბოლო პერიოდში, ხშირად იცვლება კორონავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციები, უკეთ ხდება ვირუსის და ვირუსის გავრცელების საშუალებების შესწავლა, ბოლო კვლევის თანახმად, ზედაპირიდან ნაკლებად ვრცელდება – რამდენად მართალია ეს და შეიცვალა, თუ არა ამ მხრივ რეკომენდაცია?
– ზოგადად საკვების შეფუთვების გარედან დეზინფექცია გადაჭარბებული იყო, უფრო მეტად აკეთებდა ხალხი, ვიდრე აუცილებელი იყო, რადგან, რეალურად ასეთი საჭიროება არ ყოფილა. მით უმეტეს სხვადასხვა კვლევებმა, მათ შორის, გერმანულმა კვლევამაც აჩვენა, რომ გავრცელების კუთხით, წამყვანი არის პირდაპირი კონტაქტი და არა ზედაპირებიდან. გარკვეული რისკი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ადამიანები ასეთ ქცევებამდე მიიყვანოს. ძალიან რთულია და მაინც და მაინც არაფრის მომცემი, რომ პროდუქტების შეფუთვის დეზინფექცია ვატაროთ. რა თქმა უნდა, სიფრთხილე კარგია, მაგალითად, გარედან შემოტანილი, შეფუთული პროდუქტი დავდოთ ცალკე, მოშორებით იმ მაგიდიდან, სადაც ვჭამთ და ისე მოვაცილოთ შეფუთვა, მაგრამ არა ისე, რომ სადეზინფექციო ხსნარები ვასხათ. ბევრმა იმდენად გადაჭარბებულად დაიწყო ამ ხსნარების გამოყენება, რომ თავად ამ ხსნარებსაც შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, განსაკუთრებით ჰაერში გასაფრქვევებსაც თუ ვხმარობთ, ძალიან ბევრს შეიძლება ალერგია ჰქონდეს, სასუნთქი გზების პრობლემები და არ იყოს მათთვის სასურველი სადეზინფექციო ხსნარების შესუნთქვა. ზოგადად სჯობს, რომ დოლბანდი დასველდეს და ისე გაიწმინდოს ნივთი და არა შესასხურებლით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკვების შეფუთვების დეზინფექცია არაფრის მომცემია.
ზოგადი ჰიგიენა, რა თქმა უნდა უნივერსალურია და რჩება – ეს არის ხელის და პირისახის დაბანა და იმ მყარი ზედაპირების, რომელთანაც ხშირი შეხება გვაქვს, კარგი დამუშავება. განსაკუთრებით ეს ეხება ოფისებს, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს.
– იყო რეკომენდაცია, რომ გრძელმკლავიანი მაისურები უნდა გვეცვას, რაც ზაფხულში რთული დასაცავი იქნება, ასევე, გვეუბნებოდნენ, რომ თმა გაშლილ მდგომარეობაში არ უნდა ვატაროთ. მოსახლეობა იმასაც კითხულობს, რამდენად შეგვიძლია ამ ზაფხულში მოკლე კაბის, ან შორტის ჩაცმა.
– არა, რა თქმა უნდა გრძელმკლავიანი მაისურების აუცილებლობა არ არის და მოკლე კაბის ჩაცმაც შეიძლება. ეს არ არის კანიდან შეღწევადი ინფექცია. კანზე მოხვედრის შემდეგ, საშიშროება ის არის, რომ ხელი არ მოხვდეს მერე პირთან, ცხვირთან და ა.შ. კანიდან ვერ მოხვდება ორგანიზმში. არსებობს ისეთი ინფექციებიც, რომლითაც კანიდანაც ავადდები, მაგრამ, კორონავირუსი არ არის ასეთი. გრძელმკლავიანი მაისურების და გრძელი კაბების რეკომენდაცია არ არსებობს, არ არის ამის აუცილებლობა.
– ხილზე და ბოსტნეულზე თავიდან იყო რეკომენდაცია, რომ ძალიან კარგად უნდა დაგვემუშავებინა და მოსახლეობის დიდი ნაწილი, მას საპნით და ანტიბაქტერიული ხსნარით რეცხავდა, მერე თლიდა და ისევ რეცხავდა. მერე გაიცა რეკომენდაცია, რომ გამდინარე წყლით გარეცხვაც საკმარისია. ეს ბოლო რეკომენდაცია ძალაშია?
– ხილთან დაკავშირებითაც გადაჭარბებული იყო რეკომენდაციები. ხილს ზოგადად ისეთი საშიში ბაქტერიები გადააქვს, კორონავირუსს რომ თავი დავანებოთ, რომ ყოველთვის, აუცილებლად უნდა გაირეცხოს სწორად და კარგად, თუმცა, სწორად გარეცხვა არ ნიშნავს საპნით გარეცხვას, ან მარილწყალში ჩალბობას, ასეთი საჭიროება არ გვაქვს – ჩვეულებრივ, ხანგრძლივად, გამდინარე წყლით, გულდასმით გავრეცხოთ. კორონავირუსზე მეტად, სხვადასხვა დიარეის გამომწვევი ბაქტერიებია საშიში, მაგალითად სალათის ფურცლები წარმოადგენს რისკს, რომ ნაჭდევებში არ ჩარჩეს, კარგად უნდა გაიშალოს და ისე გაირეცხოს, მარწყვს ყუნწები უნდა მოცილდეს და ისე გაირეცხოს და ა. შ. ხილით და ბოსტნეულით კორონავირუსის გადაცემა ნაკლები პრობლემაა, ვიდრე მაგალითად ის ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ყოველთვის იყო ჩვენს გარშემო და სკამაოდ მძიმე დაავადებებს იწვევს.
– რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დიდი ხნით სახლში ჩაჯდომამ?
– პირველ რიგში, ემოციურად იყო ძალიან მძიმე ადამიანებისთვის მუდმივად სახლში ყოფნა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სუფთა ჰაერი და მზის სხივები, დე ვიტამინის მხრივ ყველა ადამიანს სჭირდება, ისევ და ისევ განსაკუთრებით ბავშვებს. თუმცა, რჩება რეკომენდაცია, რომ ნაკლებად ვიყოთ ბავშვებთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში. ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია არის საუკეთესო საშუალება.
– ფიზიკური დისტანცირებით სეირნობა შეგვიძლია, როგორც გვითხრეს…
– დიახ, სახლში ჯდომა არ არის აუცილებელი, შეგვიძლია გარეთ გავიდეთ, მაგრამ დისტანცირებით. სამწუხაროდ, კუს ტბაზე მაგალითად შეიმჩნეოდა ადამიანთა დიდი ჯგუფები – აი, ამას თუ მოვერიდებით, კარგი იქნება.
– თქვენ ახსენეთ ემოციური სახის პრობლემები, ადამიანთა უმრავლესობას, არ ექნება საშუალება ფსიქოლოგის მომსახურება გამოიყენოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად ამ მხრივ უჭირთ? როგორ მოერივნონ ამ პრობლემას?
-პოზიტივზე უნდა იფიქრო, მაგალითად, პოზიტივია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ განმეორდა ის ტრაგედია, რაც იყო აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში. თითოეული ადამიანის ძალისხმევამ და სახლში ჩაკეტვამ გამოიღო ის ნაყოფი, რომ მშვიდობიანად გადავიარეთ, იმედია, გადავიარეთ და აღარ გვექნება ვირუსის აღმავლობა და მეორე ის, რომ გარშემო უმეტესობას ახლობლები კარგად გვყავს და ჯანმრთელად – ეს ძალიან დიდი სტიმულია, ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ დაუფასდათ, ტყუილად არ ისხდნენ სახლში და წყალში არ ჩაყრილა მათი მცდელობა.
– საუბრობენ იმაზეც, რომ ამდენი სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, შესაძლებელია, ჩვენი მეგობარი ბაქტერიებიც გავანადგუროთ და შესაბამისად, იმატოს თუნდაც სოკოვანი დაავადებების რიცხვმა. რამდენად მართალია და როგორ ავირიდოთ თავიდან?
– ჯობია სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშულებები იხმარონ ადამიანებმა, რადგან სპირტი ნაკლებად პრობლემურია ამ კუთხით. სპირტის გამოყენება აი, ამ მეგობარი ბაქტერიების განადგურების კუთხით, არავითარ რისკებს არ ქმნის, ამიტომ სჯობს სპირტის გამოყენება და იგი უნდა იყოს 70 გრადუსიანი და არა 96 გრადუსიანი.
– კორონავირუსის სიმპტომები ხომ არ შეცვლილა? ხომ არაფერი დამატებია?
– არა. ერთი პოზიტივი რაც აქვს კორონავირუსს არის ის, რომ მაღალი მუტაციის უნარი არა აქვს. ნაკლებად ცვალებადი ვირუსია, ვიდრე თავიდან გვეგონა. რაც უფრო ნაკლებად ცვალებადია ვირუსი, მით მალე ხდება მისი შესწავლა და ვაქცინაც როცა შეიქმნება, ის იქნება მყარი. გრიპის მყარი ვაქცინა ვერ შეიქმნა, რადგან ის ყოველწლიურად იცვლება და კორონავირუსს ასეთი სწრაფი ცვალებადობა არ ახასიათებს. ამიტომ, იმედია მისი ვაქცინის ხშირ-ხშირად გაკეთება არ იქნება საჭირო და შედარებით მყარი ეფექტი ექნება. ეს გარკვეულად დადებითი ინფორმაცია.
– ცოტა ხნის წინ, ამერიკული კვლევის შედეგები გავრცელდა, სადაც საუბარია, კორონავირუსის 14 ახალი შტამზე…
– კი, კორონავირუსს ტიპები აქვს, არის ნაკლებად აგრესიული შტამებიც, ისინი ახლა კი არ წარმოიქმნა, ახლა უბრალოდ მეტი ინფორმაცია გროვდება ვირუსზე, იკვლევენ მის გენეტიკას და აღმოჩნდა მეტი შტამი – რაც არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ხშირად იცვლის ბუნებას.
– ამბობენ, რომ ყინულის დნობის შემდეგ, დიდი ხნის წინ დავიწყებული და ყინულის ფენებში დარჩენილი ვირუსები შეიძლება გავრცელდეს დედამიწაზე, ეს მითია, თუ რეალობა?
– ვირუსებს თავისი კონკრეტული სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს…
– ტემპერატურაც მნიშვნელოვანია, ხო?
– ტემპერატურას რაც შეეხება, ისინი უფრო მზის სხივებზე ნადგურდებიან და ცივი გარემო მათთვის უფრო ხელსაყრელია, მაგრამ გარკვეული სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, როგორც ვთქვი ინფექცია უსასრულოდ ერთნაირად გაყინული ვერ იქნება, ეს უფრო ჭორია და ამ მითს მეცნიერული საფუძველი არა აქვს.
– შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა – რას გვირჩევთ, როგორ გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი?
– კიდევ ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ქართული წესები, რომლებიც არა მხოლოდ კორონას დროს გვიქმნიდა საფრთხეს, არამედ, მუდმივად ვსაუბრობდით ინფექციონისტები, რომ რისკის შემცველი იყო ვირუსის გადადების კუთხით. განსაკუთრებით, ხელის ჩამორმევა, გადაკოცნა – სჯობს დისტანციურად მივესალმოთ ერთმანეთს, ასევე ჩვენი გაუთავებელი შეკრებები, მიცვალებულებიც არ გვიწყენენ, ცოტა ხანი მაინც, რომ დიდი შეკრებები გადავდოთ.
– გერმანიაში ასე არ კოცნიან ყოველ დღე ერთმანეთს, თუმცა, ამან ვირუსი ვერ შეაჩერა.
– ამ შეზღუდვების პირობებშიც კი არსებობს რისკი და თქვენ წარმოიდგინეთ კიდევ რომ დავუბრუნდეთ ჩვენ ყველა წესებს, ეს კიდევ მეტ რისკს შექმნის, ამას ვგულისხმობ.
– არის რამდენიმე ვერსია, რატომ არ გავრცელდა ვირუსი საქართველოში ფართოდ. ერთი ვერსიით, ჩვენი ქალაქები არ არის ისე კომპაქტურად დასახლებული, როგორც ევროპის დიდი ქალაქები, მეორე ვერსიით, ვირუსის გავრცელება, არგავრცელება გენეტიკასთანაა დაკავშირებული – თქვენ რას ფიქრობთ?
– გენეტიკასთან კავშირზე არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურების როლი მაღალია ძალიან – კონტაქტების კვლევამ, საზღვრების ჩაკეტვამ შედეგები გამოიღო, მაგრამ, ამის გარდა, არის ვერსიები, ზოგი ახსნადი, ზოგი აუხსნელი. მაგალითად, ერთ-ერთი ის რომ – ყველაზე მეტი პრობლემა ხანდაზმულებში იყო და ჩვენთან ნაკლებია მოგზაური ხანდაზმულები. ჩვენთან ტრადიციულად 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულები, უფრო მეტად სახლში არიან – ამან გარკვეულ წილად ისინი იხსნა. ევროპაში ძალიან სწრაფად გავრცელდა ამ ასაკობრივ ჯგუფში და ყველაზე მოწყვლადი იყვნენ, რადგან ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ – ეს ერთ-ერთი სპეციფიკაა. მეორეც ის, რომ ჩვენთან სკოლები მალე ჩაიკეტა, ბავშვები ყველაზე ძლიერი გადამტანები არიან ამ ინფექციის, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში მძიმედ არ მიდის ვირუსი, ხანდაზმულებში ხშირად გადამდებლებად სწორედ ბავშვები გვევლინებოდნენ. ჩვენთან, კარგად დაემთხვა არდადეგებს და მერე აღარ გაიხსნა სკოლები – გავრცელების ეს გზაც თავიდან იქნა აცილებული, ბავშვებმა ხანდაზმულებს აღარ გადასდეს ინფექცია და საერთოდაც, ჩვენი ხანდაზმულები, სამწუხაროდ ამ კარჩაკეტილმა ცხოვრებამ, გამოვიდა, რომ იხსნა.
– გარდა ამისა, ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამწუხაროდ, დაბალია და ხანდაზმულთა რიცხვიც არც ისე დიდია…
– კი, იტალიაში მაგალითად მოსახლეობის ძალიან ბევრი პროცენტული წილი მოდის ხანდაზმულზე. ჩვენთან კი გამოვიდა, რომ ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მოწყვლადია, პროცენტულად ჩვენთან ნაკლებია, სამწუხაროდ.
– ინფიცირების ბევრი შემთხვევა იყო კავშირში თვითმფრინავთან, რასაც უკავშირებდნენ საერთო სავენტილაციო სისტემას. სამხედრო ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, რომ პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს ახალი წესები ექნება ავიაკომპანიებისათვის, კერძოდ, მათ დაავალდებულებდნენ, თვითმფრინავების ვენტილაციის სისტემაში ლაზერული ფილტრების გამოყენებას და სხვა სავალდებულო წესებს, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, ჯერ ეს რეკომენდაცია არ გაცემულა. თქვენ რას ფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით?
– ზოგადად თვითმფრინავში არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ახლა ბევრი ქვეყანა ბჭობს, თავდაცვის მექანიზმების შემოღებაზე. პირველ რიგში ეს არის ე.წ. კოვიდ პასპორტების შემოღება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგზაურს ხელში ეჭირება მგზავრობამდე მოკლე ხანში გაკეთებული ცნობა (მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული), რათა ვიცოდეთ, რომ მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი, თორემ, სხვანაირად დაცვა ძალიან გართულდება. რაც არ უნდა სიფრთხილის ზომები გამოიჩინონ ავიაკომპანიებმა, თუ ბორტზე მოხვდა დაინფიცირებული ადამიანი, რამდენიმე საათით მასთან ერთად მგზავრობა, ყველა შემთხვევაში რისკის შემცვლელი იქნება.
– თუმცა, ახალ დაინფიცირებულის კვლევისას, პირველივე დღეებში შესაძლოა, არ გამოჩნდეს ანალიზში ვირუსი.
– კი, რა თქმა უნდა, რისკი მაინც დარჩება, მაგრამ კოვიდ პასპორტებით, ეს რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
თამო კეშელავა, ალია №18
კომენტარები