უმრავლესობის რიგებში საარჩევნო სიაში მოსახვედრად ბრძოლა ჯერჯერობით წესებით მიმდინარეობს, მაგრამ ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი, პარტიულ კულუარებში ნამდვილი ბართლომეს ღამეა გაჩაღებული და თავებიც გვარიანად ცვივა. სავარაუდო კანდიდატებს კონკურენტები ისე აშავებენ, მტკვარიც ვერ გარეცხავს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ გუნდის შიგნით კომპრომატების ომი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ღიად დავწერეთ ლამის ათამდე ადამიანის სახელი და გვარი, რომლებსაც სიაში მოიაზრებს მმართველი გუნდი, მოქმედ დეპუტატთა ნაწილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადაირია.
ისინი ითხოვენ პასუხს, რატომ უნდა იყვნენ გამოუცდელები და ადამიანური რესურსის არმქონენი სიაში მაშინ, როცა მათ რამდენიმე ათასი ხმის მობილიზება მარტივად შეუძლიათ.
თანაც, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არამარტო ადამიანური და ფინანსური რესურსის მქონე კანდიდატები არიან, არამედ ამ კანდიდატებს შესაბამისი ლობისტიც სჭირდებათ. მაგალითისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებები კანდიდატების თაობაზე ერთმანეთს ასი პროცენტით ემთხვევა, იგივეს ვერ ვიტყვით გახარიასა და კალაძეზე. მათ პარლამენტში საკუთარი გუნდი სურთ და ამას შეხვედრებზე არც მალავენ.
„ყველაზე მეტად კალაძე აქტიურობს და მას მხარს ირაკლი კობახიძეც უჭერს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განხილვებიდან უკვე გვერდზე გაწიეს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მას ელჩის ადგილს უმზადებენ და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება იმის თქმა, რომ თალაკვაძე არც საპარლამენტო სიაში იქნება, არც მაჟორიტარი და ვერც თავისი კანდიდატების გაყვანას შეძლებს. რაც შეეხება კალაძეს, მისი კანდიდატების განეიტრალებასა და ცოდვების მოძიებაზე, გრიგოლ ლილუაშვილის უწყება მუშაობს და არც თუ უეფექტოდ. რამდენიმე ადამიანი თბილისის მერს უკვე გაუცხრილეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ფინანსური და ადამიანური რესურსი აშკარად აქვთ. უფრო მეტიც, კალაძე აპირებს დედაქალაქის მოგებაზე აიღოს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რვა ოლქიდან, მინიმუმ ექვსში მაჟორიტარებად მისი გუნდის წევრები დასახელდებიან. ეს დედაქალაქის კალაძესთვის მთლიანად გადაბარებას ნიშნავს, რისი წინააღმდეგიც პირადად ივანიშვილია“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
სხვათა შორის, გუნდის შიგნით იმასაც ამბობენ, რომ კალაძეს აქვს იმის ბერკეტი, დედაქალაქის კონკრეტულ ოლქებში ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მისი გუნდის წევრები არ იქნებიან, ხელი შეუშალოს და შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, უკვე ხმამაღლა განაცხადოს, რომ დედაქალაქზე გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს. რამდენად დათანხმდება ამ პროცესს ივანიშვილი, მალე გამოჩნდება.
ანი დვალიშვილი
ალია №18
კომენტარები