თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე.
სარჩელი შეეხება ცესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.
ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გადაღება ან დამუშავება;
ვერფიკაციის აპარატზე ასახული მონაცემების დაფიქსირება;
აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის გადაღება;
ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება, ვიდეოფიქსაცია ან სხვა ფორმით დამუშავება.
სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული დადგენილება ზღუდავს არჩევნების გამჭვირვალობასა და დამკვირვებლების შესაძლებლობებს, რის გამოც მისი კანონიერების საკითხი სასამართლოს წარუდგინეს.
კომენტარები