თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და ერთი გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი, რომელმაც საკანში ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუში აიღო.
,,დღეს გაგრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა, კერძოდ, დაიკითხება ბრალდების მხარის სამი მოწმე. აქედან ერთი არის გამომძიებელი ზურა ბერუაშვილი, რომელიც იძიებდა ამ საქმეს, შემდეგ კი ის ჩამოაშორეს დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებული გახმაურებული საქმის გამო. ასევე დაიკითხება ორი ექსპერტ კრიმინალისტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე“, – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები